გიორგი ბადაშვილი: ის, რაც დღეს უკრაინაში რუსული იმპერიალისტური ხელისუფლების მიერ ხდება, წარმოუდგენელია – არ იწვევდეს ჩემში და ნებისმიერ ადამიანში უდიდეს პროტესტს

“გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოსტის ქვეშ ჩემ მიერ გაკეთებული კომენტარი გარკვეული ინტერპრეტაციების საფუძველი გახდა, მიზანშეწონილად მივიჩნიე, გამოვხმაურებოდი აღნიშნულ ფაქტს”, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი ბადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“პირველ რიგში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ჩემს მეგობრებს ამ უმძიმეს წუთებში. ის, რაც დღეს მათ სამშობლოში რუსული იმპერიალისტური ხელისუფლების მიერ ხდება, წარმოუდგენელია – არ იწვევდეს ჩემში და ნებისმიერ ადამიანში უდიდეს პროტესტს, მით უფრო, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს ტრაგედია საკუთარ თავზე იწვნია და დღესაც ჩვენი სამშობლოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

ჩემი კომენტარის კონტექსტი და გამოხმაურება ეხებოდა კონკრეტულ განცხადებას და მე, როგორც ერთმა მოქალაქემ, გამოვთქვი ჩემი წუხილი მთელი მსოფლიოს მიმართ, შეიძლება ზედმეტად ემოციურადაც, რადგან ყველას, მთელს კაცობრიობას გვიწევს ყურება ერთი აგრესორი ქვეყანა, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დარღვევით როგორ ცდილობს მეორე, ევროპის უდიდესი ქვეყნის განადგურებას და ვერავინ მათ შორის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიც ვერ აღუდგნენ წინ ამ აგრესიას. დიახ, როცა ჩვენს თვალწინ ასეთი ტრაგედია ხდება, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები ეწირებიან, მიმაჩნია, რომ საჭიროა მეტად სწრაფი და ქმედითი ღონისძიებების გატარება. ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვადევნებ თვალს სხვადასხვა ტელეარხს, ბევრს ვფიქრობ და განვიცდი, მეც თქვენსავით ზოგჯერ ხმამაღლა ვმსჯელობ და ჩემს მოსაზრებასაც ხმამაღლა გამოვთქვამ და თავისთავად ვფიქრობ ჩემს სამშობლოზეც და მის მომავლზე. სულ ეს იყო, რაც მინდოდა, მეთქვა.                დიდება გმირებს და მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს”, – წერს ბადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები