ზურაბ ჩიკვილაძე ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრს ეწვია
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ი.ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრს ეწვია. კომისიის თავმჯდომარე ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელს ზაზა კაკუშაძეს შეხვდა და მულტიდისციპლინარული გუნდის წევრებს გაესაუბრა.
ზურაბ ჩიკვილაძე პანდემიის პერიოდში “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის” პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპს გაეცნო. საკრებულოს წევრმა ცენტრში არსებული გარემო დაათვალიერა, სადაც ბავშვები და მოზარდები თერაპიას გადიან.
„პროგრამა რომელსაც თბილისის მერია აფინანსებს უმნიშვნელოვანესია. ბავშვებში აუტიზმის სპექტრის დარღვევის სრული აბილიტაცია სერვისის მიმწოდებელ შვიდ ცენტრში ხდება. ამჟამად პროგრამაში 1400-მდე ოჯახია ჩართული, პროგრამის ბიუჯეტი კი 6 მილიონ ლარს აღწევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ოჯახი, არც ერთი ბავშვი და 18 წლამდე მოზარდი ჩვენი ყურადღებისა და დაფინანსების გარეშე არ დარჩეს “,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
“აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის” ფარგლებში დღეისათვის ერთი ბენეფიციარის დასაფინანსებლად წელიწადში 5000-ლარამდეა გათვალისწინებული. დედაქალაქის მერიამ აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო.