პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. “კვირა” საგამოძიებო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ.
გამოძიებით დადგინდა შემდეგი: ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში გასვლის დღიდან აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 2006-2007 წლებში ,,ტელეიმედით“ გაშუქდა საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული და გახმაურებული საკითხები – სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიას – საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტები. ასევე, 2007 წლის სექტემბერში „ტელეიმედის“ ეთერით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალება, რომელიც ეხებოდა ა. პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. ,,ტელეიმედის“ ეთერით გავრცელებულ ინფორმაციებზე მთავრობას სათანადო პასუხი არ ჰქონდა, ხსენებული კი ნეგატიურად მოქმედებდა იმდროინდელი მმართველი გუნდის რეიტინგზე, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს არკადი პატარკაციშვილთან, ტელეკომპანია ,,იმედის“ ხელში ჩაგდების მიზნით. ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, ა.პატარკაციშვილის თანხმობის შემთხვევაში ,,ტელეიმედი“ გაეცვალა საქართველოს რკინიგზაში, რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივს, რაზეც მიიღო უარი. არკადი პატარკაციშვილის მხრიდან ტელეიმედის შენარჩუნებისათვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით, ტელეკომპანია იმედი მართვის უფლებით გადაეცა – აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს ,,NEWS CORP EUROPE Inc“-ს. მიუხედავად აღნიშნულისა, კრიტიკული სიუჟეტები და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მრიდან შესაძლო დანაშაულების ღია ეთერით გაშუქება გახდა იმის მიზეზი, რომ ხელისუფლების ყველა შტომ, მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის დევნა და შევიწროება.
2007 წლის ნოემბერში, საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 04 ნოემბერს, მ.სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად მერაბიშვილი. თათბირს ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, თბილისის მერი გიგი უგულავა, და გუბერნატორები. ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა „მიეხედა“ ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს. ი.მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოსთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები: ,,გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება.“
თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება – ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელდა მომიტინგეთა დარბევა, უკანონოდ გამოყენებული იქნა არალეტარული იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს ასეულობით მოქალაქე, მათ შორის სახალხო დამცველი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები. სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებს. 2007 წლის 7 ნოემბერს, ქვეყნის მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც ემსახურებოდა აღნიშნული ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეთა ხელახალი გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა.
ამავე დღეს, დასახული გეგმის შესაბამისად ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სრულიად უკანონოდ, შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლებმაც დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანია ,,იმედის’’ მაუწყებლობა, ხოლო ,,ტელეიმედის“ თანამშრომლები ცემით გამოაძევეს შენობიდან. ასევე, სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელევიზიის გარშემო პროტესტის გამოსახტად შეკრებილ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებსაც სასტიკად გაუსწორდა, გამოიყენეს რა მათ მიმართ რეზინის ტყვიები და ძალადობით აიძულეს დაეტოებინათ ტერიტორია. ხსენებულის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანია ,,იმედის“ ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის შედეგად ტექნიკური საშუალებების დაზიანების, დაკარგვის და მიუღებელი შემოსავლის სახით ,,იმედის“ ზიანმა შეადგინა 3 158 307 ლარი.
ამის შემდეგ, ქვეყნის მეთაურის მიხეილ სააკაშვილის დავალებით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა დაიწყეს პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანიის უკანონოდ ჩამორთმევის პროცესი. ტელეკომპანია ,,იმედის’’ შენობაში შეჭრის ვითომდა სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარეზე, ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევით ,,ტელეიმედს“ შეუჩერეს სამაუწყებლო ლიცენზია.
ამასთან „ტელეიმედში“ ძალისმიერი მეთოდით შეჭრისა და დაწესებულების უკანონოდ დაკავების სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად, ხელოვნურად შეიქმნა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი არკადი პატარკაციშვილი და მის ქონებას, კერძოდ შპს „ტელეიმედს“ დაედო ყადაღა, რითიც მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა შპს ,,ტელეიმედის“ ქონების (მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის) განკარგვა და სარგებლობა. საზოგადოებას კი გენერალურმა პროკურატურამ წარუდგინა არკადი პატარკაციშვილსა და ერეკლე კოდუას შორის შემდგარი საუბრის ფალსიფიცირებული, კონტექსტიდან ამოჭრილი და შინაარსის შეცვლით დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერი.
ხელისუფლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ქმედების მიმართ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უმკაცრესი რეაგირების მიუხედავად, მ. სააკაშვილის დავალებით და უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის და სხვათა უშუალო ჩარევით, საბოლოო ჯამში, ზეწოლისა და დაშინების გზით პატარკაციშვილების ოჯახს ჩამოართვეს ტელეკომპანია იმედი. ა.პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, კერძოდ 2008 წლის 19 თებერვალს, ნოტარიუს მერი ბუბაშვილთან, ა. პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს გიორგი ჯაოშვილს, მის სახელზე რიცხული ს/ს „ჯეი-ემ-ჯი კონსალტინგ გრუპის“ წილი, რომლის საკუთრებაშიც იყო „ტელეიმედი“, წესდების მოთხოვნათა დარღვევით, გადააფორმებინეს ბიზნესმენ ჯოზეფ კეიზე. აღნიშნულ მოქმედებას ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დავით კეზერაშვილის დავალებით მოქმედი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები. იმავე დღეს გიორგი ჯაოშვილი მიიყვანეს ფინანსური პოლიციის შენობაში და აიძულეს გადამდგარიყო შპს ,,ტელეიმედის“ დამფუძნებელი ფირმების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან, რითაც ა.პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ტელევიზიას. მომდევნო დღეს, „ტელეიმედი“-ს წილი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა დავით კეზერაშვილთან დაახლოებული პირს პაატა სირაძეს. ,,NEWS CORP EUROPEITED INC“-ს ცალმხრივად შეუწყდა შპს ,,ტელეიმედის“ მართვის უფლება.
ამის შემდეგ უკვე დაიწყო ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის გაკონტროლება, რაშიც მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის გიორგი უგულავა, რომელიც სრულად წარმართავდა და აკონტროლებდა არხის საინფორმაციო პოლიტიკას.
2012 წლის 18 ოქტომბერს, ოქტომბრის არჩევნებისა და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა გიორგი არველაძემ, გიორგი კორახაშვილმა და გიორგი მიქელაძემ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნეს 90%-იანი წილი ტელეკომპანია იმედის.
მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილების ოჯახზე ზეწოლა არ შემოიფარგლა მხოლოდ „ტელეიმედის“ უკანონოდ ხელში ჩაგდებით. ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახს ჩამოართვა მთაწმინდის პარკიც. კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლის პარალელურად, შს მინისტრის დავალებით მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ შსს შეიარაღებული სპეცრაზმელები და ტერიტორიიდან უკანონოდ გამოაძევეს პარკის თანამშრომლები. იმავე დღეს, თბილისის მერიაში ჩატარდა პრესკონფერენცია, თითქოსდა, რომ შპს ,,ლინქსი“ არ იხდიდა მთაწმინდის პარკის იჯარის თანხას, რის გამოც თბილისის მთავრობამ შპს ,,ლინქსთან“ სრულიად უკანონოდ, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, მაშინ როდესაც პატარკაციშვილის კუთვნილი კომპანია პირნათლად ასრულებდა ყველა აღებულ ვალდებულებას და არ არსებობდა არანაირი საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის. ამასთან, პარლამენტის მიერ ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონში საგანგებოდ შეტანილი ცვლილების შედეგად, შპს ,,ლინქსი“-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს გიორგი უგულავას მეგობარი გიორგი კირცხაია, რომელმაც ფირმის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა საზიანო ქმედებებთან ერთად სასამართლოდან გამოითხოვა ქ.თბილისის მერიის მიმართ შეტანილი ყველა სასარჩელო მოთხოვნა.
მიხეილ სააკაშვილის და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტია პატარკაციშვილების ოჯახისთვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჩამორთმევა. სხვადასხვა გზით, ზეწოლისა და დაშინების შემდეგ, ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებების და დოკუმენტების შედეგად, რომ თითქოს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მესაკუთრე კომპანიას ვალი ჰქონდა კეზერაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ოფშორული კომპანიის მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროს და სასამართლოს ჩარევით, ვალის გაქვითვის საფუძვლით პატარკაციშვილების კუთვნილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ოფშორული კომპანიის საკუთრებაში.
ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არკადი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, შედეგად მოჰყვა ის, რომ 2008 წელს ა. პატარკაციშვილის მეუღლემ ინა გუდავაძემ სარჩელით მიმართა საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიას და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფოს მიერ უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება ან ქონების ექვივალენტი 400 000 000 აშშ დოლარის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მეთაური მიხეილ სააკაშვილი დარწმუნდნენ, რომ პატარკაციშვილების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ამ უკანონობის გამო, აუცილებლად წააგებდნენ პროცესს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, მაშინდელი ხელისუფლების სახელით მოქმედმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა პატარკაციშვილების ოჯახთან გააფორმა მემორანდუმი, რის საფუძველზეც ოჯახს დაუბრუბდა ყველა ზემოხსნებული ქონება, გარდა ტელეიმედისა.
საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელების და მისი მეთაურის მიხეილ სააკაშვილის უკანონო მოქმედებების შედეგად: დაირღვა არკადი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება, ხელყოფილ იქნა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მრავალმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, მოხდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხელის შეშლა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოიტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 -დან 8 წლამდე ვადით.
ასევე, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გამოძიება დასკვნით ფაზაშია შესული პროკურატურის მიერ ადრე გაცხადებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეც, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი დაბარებული იყო მოწმის სახით, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება უახლოეს მომავალში“.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sr3HoAGQO1Q&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]