WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს მოულტრი პრეზენტაციით წარსდგა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სადაც ევროპის 14 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს მოულტრი წარსდგა მოხსენებით დიზაინის ეკონომიკის შესახებ. მან თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წარმატებული დიზაინი ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას, რაც აისახება როგორც პროდუქტის ფასის ზრდაზე ისე კომპანიების მოგებაზე. ამ კონტექსტში, დიზაინი განიხილება არა მხოლოდ ვიზუალურ ელემენტად, არამედ როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპონენტებს.
ჯეიმს მოულტრი კემბრიჯის უნივერსიტეტის საინჟინრო დიზაინის პროფესორია. მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესია დიზაინის პროექტების გამოყენება და გაუმჯობესება, როგორც ორგანიზაციების, ისე ეროვნული ეკონომიკის დონეზე. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სამრეწველო დიზაინის მიმართულებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული კინემატოგრაფიის ინდუსტრიისთვის შექმნილი ოპტიკური ლინზების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს ოსკარი და ემი.
კონფერენცია მიეძღვნა თანამედროვე ეკონომიკაში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის – დიზაინის როლს, ასევე დიზაინის სამართლის რიადის ხელშეკრულებისა (RDLT) და სამრეწველო დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის სისტემის მნიშვნელოვან ასპექტებს. კონფერენციაში ევროპის 14 სახელმწიფოს გარდა, მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის სტუმრებმა WIPO-დან, საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა დიზაინერებმა.
