ინგლისში დაიხურა ყველაზე ძველი პაბი, რომელიც 793 წლიდან ფუნქციონირებდა

ინგლისის ქალაქ სენტ-ოლბანსში, ფინანსური პრობლემების გამო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი პაბის – Ye Olde Fighting Cocks-ის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, დაწესებულება დაეხურა. პაბმა, რომელიც 793 წელს დაარსდა, გადაიტანა ომები, შიმშილი და ჭირი, მაგრამ ვერ გაუძლო კორონავირუსის შეზღუდვებს.

კრისტო ტოფალი, რომელიც უკანასკნელი 10 წელია, Ye Olde Fighting Cocks-ს მართავს, ჰყვება, რომ პანდემიის პირობებში, მისი ბიზნესი იმდენად დაზარალდა, რომ საკუთარ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ აუდდიოდა.

„უკანასკნელი ორი წელი უპრეცედენტო იყო ინდუსტრიისთვის და ყველას ფარ-ხმალი დაგვაყრევინა, ვინც კი რამენაირად ვცდილობდით,ეს ისტორიული პაბი შეგვენარჩუნებინა“,- ამბობს კრისტო ტოფალი.

პაბების ბრიტანული ინდუსტრია სირთულეებს ჯერ კიდევ პანდემიამდე განიცდიდა, ვინაიდან ადამიანები უარს ამბობდნენ დალევაზე ასეთ დაწესებულებებში და ბარს, რესტორნებსა და თუ საკუთარ სახლებს ამჯობინებდნენ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2008 -2018 წლებში ქვეყანაში 11 ათასზე მეტი პაბი დაიხურა, რის შედეგადაც მათი საერთო რაოდენობა, თითქმის, 1/4-ით შემცირდა.

პაბის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Ye Olde Fighting Cocks მე-8 საუკუნეში დაარსდა, ხოლო ამჟამინდელი შენობა მე-11 საუკუნეში ააშენეს.

საკუთარი დასახელება პაბმა მამლების ბრძოლის წყალობით მიიღო, რომელიც იქ გასულ საუკუნეში ტარდებოდა. გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, Ye Olde Fighting Cocks ყველაზე ძველი პაბია ინგლისში, მაგრამ 2000 წელს ეს სტატუსი მას წაერთვა, ვინაიდან არ არსებობდა აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი.

Mitchells & Butlers-ის კომპანიაში, რომელიც აღნიშნულ დაწეესებულებას ფლობს, განაცხადეს, რომ ეს არ არის დასასრული. ისინი ცდილობენ, იპოვონ პაბისთვის ახალი ხელმძღვანელობა, რათა უმოკლეს დროში აღდგეს მისი მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები