უსახლკარობა, მარტოობა, მძიმე შრომა და ნოსტალგია – ლადო ბელიაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში

მწერალ აკაკი ბელიაშვილის უმცროსი ძმა ვლადიმერ (ლადო) ბელიაშვილი 1906 წლის 27 დეკემბერს დაიბადა ჭიათურაში. მამა – იონა ბელიაშვილი (ფსევდ. : „იონა თლუღელი“, „ჭიათურელი ეშმაკი“, „ბელი“) მწერალი და ჭიათურაში სამთო საქმის ტექნიკოსი იყო. 1926 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ლადო ბელიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ მალევე საზღვარგარეთ გაიპარა – ამ საქმეში გამოცდილი კაცის დახმარებით, ღამით გადაკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი. თურქეთიდან საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ჯერ მარსელში, შემდეგ პარიზში დასახლდა.

უცხოობაში ლადოს არ ულხინდა: უსახლკარობა, სამუშაოს ძებნაში ადგილიდან ადგილზე ხეტიალი, მარტოობა, მძიმე ფიზიკური შრომა და ნოსტალგია… სამშობლოსთან კავშირი თითქმის გაწყვეტილი იყო. დროდადრო დედას უგზავნიდა მოკლე ბარათებს.

მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო, თუმცა მოახერხა ფრანგული ენის კურსების დამთავრება და სრულყოფილად დაეუფლა ფრანგულს. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მუშაობდა მშენებელ მუშად, რთულ უბნებზე, დიდ სიმაღლეებზე. ეს მას საშუალებას აძლევდა წელიწადში ემუშავა მხოლოდ ექვსი თვე და დანარჩენ დროს მისთვის საინტერესო ლიტერატურული საქმიანობით დაკავებულიყო.

ლადო ბელიაშვილმა თვითგანვითარებას მიჰყო ხელი – საშუალება მიეცა ესარგებლა უმდიდრესი ბიბლიოთეკით, რომელიც ოდესღაც ალექსანდრე დიუმას ეკუთვნოდა. მის კალამს ეკუთვნის მრავალი გამოკვლევა, ნარკვევი, თეთრი ლექსი. ლადო ბელიაშვილმა დაწერა და 1956 წელს პარიზში თავისი ხარჯებით გამოსცა წიგნი „რუსთაველის და დანტეს იდუმალი“ (სიტყვა პირველი) (Les Secrets de Rousthaveli et de Dante Aliguiery. Premier discours). ნაშრომი რუსთაველის კოსმოგრაფიულ შეხედულებებს (სამყაროს აგებულება, მზის სისტემა, პლანეტების მოძრაობა, მათი გამომწვევი მიზეზები) ეძღვნება. წიგნის გამოცემამდე ავტორმა აღნიშნულ საკითხებზე პირველი საჯარო მოხსენება 1953 წელს „სოსიეტე-დე-სავანის“ დარბაზში, მეორე კი – 1954 წელს ლასკასის დარბაზში გააკეთა. სულ განზრახული ჰქონდა ოთხი მოხსენების გაკეთება და ოთხ წიგნად გამოცემა, რაც აღარ დასცალდა.

ლადო ბელიაშვილის წიგნს გამოეხმაურნენ როგორც საზღვარგარეთ, ასევე სამშობლოში. ემიგრანტი პოეტი გიორგი გამყრელიძე „საყურადღებო ნაშრომს“ უწოდებდა. გამოჩენილმა რუსთველოლოგმა, გ. იმედაშვილმა დიდი გამბედაობა გამოიჩინა და ემიგრანტი მკვლევარის წიგნის ანოტაცია შეიტანა 1957 წელს გამოცემულ „რუსთველოლოგიური ლიტერატურის“ პირველ ტომში. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ანოტაციაში მეტწილად აქცენტირებულია წიგნის უარყოფითი მხარეები და ნაკლოვანებები.  კორნელი კეკელიძემ კრიტიკულად შეაფასა წიგნი და მას „ახირებული პრეტენზიისა და ამდენადვე ახირებული შინაარსის წიგნაკი“ უწოდა.

რუსთაველის კოსმოგრაფიულ შეხედულებებთან ერთად ლ. ბელიაშილი თავის ნაშრომში ეხება პოემისა და მისი ავტორის ბიოგრაფიის ცალკეულ საკითხებსაც, ზოგი სიტყვის ეტიმოლოგიას, ფერთა სიმბოლიკას, „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობას ქართული ენისა და საქართველოს ისტორიისათვის.

ლადო ბელიაშვილი რუსთაველის ასტრონომიული ცოდნისა და შეხედულებების პირველი მკვლევრათაგანი და ამ საკითხზე მომუშავე რუსთველოლოგების წინამორბედია, ხოლო მისი ნაშრომი, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, ქართული ემიგრაციისა და კულტურის ისტორიაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრების ღირსია.

1960 წელს ლადო ბელიაშვილი ინახულა ძმამ, მწერალმა აკაკი ბელიაშვილმა, რომელიც კინემატოგრაფისტთა საკავშირო დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმავალი გზად პარიზში გაჩერდა. ძმებს დრამატული შეხვედრა ჰქონდათ.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლადო ბელიაშვილმა საბჭოთა მთავრობას სამშობლოში დაბრუნების ნებართვა სთხოვა. იგი პასუხის მოლოდინში 1961 წლის 1 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა – მაღალი ხარაჩოდან ჩამოვარდნილი სასიკვდილოდ დაშავდა და საავადმყოფოში გადაყვანილი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მას საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია და არც უშუალო მემკვიდრე დარჩენია. ლადოს საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა უჭირისუფლეს და ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ლადო ბელიაშვილის ნეკროლოგი დაიბეჭდა პარიზში გამომავალ გაზეთში „ჩვენი დროშა“ („Notre Drapeau”), სადაც ის დახასიათებულია, როგორც: „განსაკუთრებული შრომისმოყვარე, დინჯი, წყნარი და სამეგობრო“, რომელმაც „ყველას პატივისცემა დაიმსახურა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები