სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება იწყება
თავდაცვის ძალები 18-დან 36 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში მიღებას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თავდაცვის ძალები არის დიდი ოჯახი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახური და რთული და გამოწვევებით აღსავსეა, არ არსებობს იმაზე საპატიო და ღირსეული საქმე, ვიდრე – დაიცვა და ემსახურო სენს ქვეყანას. ეს სამსახურზე მეტია.
4-წლიანი კონტრაქტის პირობებით, სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ, ისეთი კარიერული და პროფესიული უნარების შესწავლა და ათვისება, რომლებიც მათ გამოადგებათ არა მხოლოდ სამხედრო სამსახურის პერიოდში, არამედ, თადარიგში გასვლის შემთხვევაში, იქნებიან ბევრად კონკურენტუნარიანები სამოქალაქო სექტორში.
სამხედრო მოსამსახურეებს სთავაზობენ:
უცხო ენების შესწავლას, როგორც საქართველოში, ისე – ევროპასა და აშშ-ში;
სხვადასხვა კარიერული და პროფესიული კურსის გავლას;
შესაბამისად, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, პირველი 4-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, თუ გააგრძელებენ შემდეგ კონტრაქტებს, მათ ყოველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ მიეცემათ 7000-ლარიანი ბონუსი, რომლის გაზრდაც იგეგმება. ჩვენ ვთავაზობთ შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას, რომელიც მიმდინარე წელს გაიზარდა – 20%-ით დაბალი წოდების სამხედრო მოსამსხურეებისთვის და 10%-ით – მაღალი წოდების სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ასევე, დაგეგმილია მისი გაზრდა მიმდინარე წლის განმავლობაში;
სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში, საშუალება აქვთ, სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლონ. ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, მიიღონ 750-ლარიანი სტიპენდია სემესტრულად;
4 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში, მათ დამატებითი სახელფასო ანაზღაურება ეძლევათ. ასევე, შვილის შეძენის დროს, 1000-ლარიანი ბონუსი;
აქვთ საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი, საუკეთესო კვება, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ნატო-ს სტანდარტის შეიარაღება და აღჭურვილობა, სპორტული დარბაზები;
რაც შეეხება საბინაო პოლიტიკას – გარკვეული სამსახურის შემდეგ, სერჟანტთა შემადგენლობას, მასტერსერჟანტისა და მაღალ წოდებაში მყოფებს, საშუალება აქვთ, სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ საცხოვრებელი ბინა;
ასევე, ოფიცერთა შემადგენლობას, მაიორისა და მაღალ წოდებაში მყოფებს, შეუძლიათ, სახელმწიფოსგან მიიღონ 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ საცხოვრებელი ბინა“, – განაცხადა ტატუნაშვილმა.
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია, მთელი წლის განმავლობაში, შესაძლებელია ონლაინ (Onlinebct.mod.gov.ge), ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი), იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. რეკრუტები ფსიქოლოგიური ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიან კურსს (BCT) გაივლიან. კურსის განმავლობაში, მათი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს თვეში 500 ლარს. BCT კურსის დასრულების შემდეგ, ისინი ტერიტორიული პრინციპის მიხედვით სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.