ლევან არველაძე: არაკეთილსინდისიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირები მერიის მიერ დაწესებულ სანქციებს თავს ვეღარ აარიდებენ

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ლევან არველაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, უკანონო მშენებლობის შემთხვევაში, იურიდიული სამსახურის გამოცემულ აქტს ობიექტებზე განათავსებენ და კომპანიის მიერ გადაწყვეტილების არჩაბარება აღსრულებას ვეღარ შეაფერხებს.
საკრებულოს წევრი მერის ინიციატივას “მნიშვნელოვანსა და დროულს” უწოდებს და აცხადებს, რომ ახალი მიდგომებით, არაკეთილსინდისიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირები მერიის მიერ დაწესებულ სანქციებს თავს ვეღარ აარიდებენ.
„მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, მერიას ახალი მიდგომები ექნება: კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტი განთავსდება ობიექტზე და ის ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულებას ვეღარ შეაფერხებს.
დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს და მხარს დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას. ზემოხსენებული ცვლილების საფუძველზე, მუნიციპალური ინსპექცია შეიძენს დამატებით ბერკეტს უკანონო მშენებლობის პრობლემის აღსაკვეთად“,- აცხადებს ლევან არველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები