ავთანდილ ცინცაძე: მივესალმები კახი კალაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მშენებლობების პროცესში კანონდამრღვევი პირების მიმართ ეფექტური სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება მოხდება

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთო ცინცაძე მიესალმება თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, რომელიც მშენებლობების პროცესში კანონდამრღვევი პირებისა თუ კომპანიების მიმართ ეფექტური სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას გულისხმობს. მისივე თქმით, ახალი ინიციატივა  დედაქალაქში ქაოსური და დარღვევით მიმდინარე მშენებლობების პროცესის აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.

„მივესალმები კახი კალაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მშენებლობების პროცესში კანონდამრღვევი პირებისა თუ კომპანიების მიმართ ეფექტური სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება მოხდება.
საუბარია სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელზეც პარლამენტი იმსჯელებს და სამართალდამრღვევებს დაკისრებული ჯარიმისგან თავის არიდების შესაძლებლობას არ დაუტოვებს.
ცნობილია, რომ სხვადასხვა სამშენებლო კომპანია წლების განმავლობაში მიმართავდა გარკვეულ ხრიკებს. ბოლო წლებში მერიის მიერ დაჯარიმებული პირები დაკისრებულ ჯარიმას ხშირად ასაჩივრებენ, საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობასა და ჩაბარებას კი თავს არიდებენ. შესაბამისად, ისინი ქალაქის ხელმძღვანელობის გაფრთხილების მიუხედავად, მშენებლობას უკანონოდ აგრძელებენ. ბოლო წლებში ეს სქემა გადახდისგან თავის არიდების მანკიერ პრაქტიკად იქცა, რაც ნეგატიურად აისახება დედაქალაქში უკანონო მშენებლობებსა თუ სხვა მიმართულებებზე.
ვთვლი, რომ ახალი ინიციატივა მიმართული იქნება დედაქალაქში ქაოსური და დარღვევით მიმდინარე მშენებლობების პროცესის აღმოსაფხვრელად. ვიმედოვნებ, თბილისის მერის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო მხარს უპირობოდ დაუჭერს,“ – აცხადებს ავთანდილ ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები