კალაძე: მშენებლები, რომლებიც უკანონო მშენებლობას ეწევიან, ხრიკს იყენებენ – არ იბარებენ მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას

თბილისის მერი, კახა კალაძე უკანონო მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მშენებლები, რომლებიც უკანონო მშენებლობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ – არ იბარებენ მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, რის გამოც მისი აღსრულებაც ვერ ხდება.

„კარგად იცით, რომ მერიაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ. პირველივე დღიდან დავიწყეთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და მის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღჭურვილი იქნა შესაბამისი ტექნოლოგიებით. ასევე, გაიზარდა ჯარიმები დარღვევებზე, თუმცა, მაინც ვაწყდებოდით უკანონო მშენებლობებს. შემდეგ, პარლამენტის დახმარებით, უკანონო მშენებლობა სისხლის სამართლის დანაშაულში გავიყვანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუშლის უკანონო მშენებლობების განხორციელებას სამომავლოდ. ჩვენი მხრიდან, არცერთი უკანონო მშენებლობა არ დაგვიტოვებია რეაგირების გარეშე.

გვაქვს ერთი პრობლემა, რასაც ბოლო პერიოდში ვაწყდებით. მშენებლები, რომლებიც უკანონო მშენებლობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ და გვინდა, ეს მოვაგვაროთ. კერძოდ, კონკრეტული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკანონოდ ახორციელებენ მშენებლობას, არ იბარებენ მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, ხოლო ჩაუბარებლობის გამო, ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ან არ ხდება ვადების ათვლა. შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივით გვინდა მივმართოთ საქართველოს პარლამენტს და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა იქნება – იურიდიული სამსახურის აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაითვალოს ჩაბარებულად”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები