წავკისში, რუსთაველის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი მოეწყო
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, წავკისში, რუსთაველის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.
რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სათამაშო ტერიტორია არმირებული ფილებით მოპირკეთდა, რაზეც ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ლითონის მავთულბადეები, გულშემატკივართა ტრიბუნა და დამონტაჟდა განათების ქსელი.
სპორტული სივრცის მოწყობისთვის სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. აღნიშნული სპორტული მოედანი ესაზღვრება სკოლასა და ბაღს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ ჩართულობასა და დაინტერესებას სპორტულ აქტივობებში“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 124 412 ლარი დაიხარჯა.
გასულ წელს, მთაწმინდის რაიონში ხუთი სპორტული მოედანი მოეწყო, ხოლო მიმდინარე წელს ოთხი მოედნის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი.