რიგის პარკის მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა სამგორის რაიონში რიგის პარკის მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„სამგორის რაიონში კიდევ ერთი, ძალიან კარგი რეკრეაციული პროექტი ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს განვაახლეთ რიგის პარკი. ულამაზესი სივრცე გამოვიდა და მაშინვე ვთქვით, რომ მხოლოდ ამაზე არ გავჩერდებოდით, რადგან ტერიტორია იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ დამატებით მოწყობილიყო რეკრეაციული სივრცე. ეს ტერიტორია გამწვანდება, დამონტაჟდება სარწყავი და განათების სისტემა, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცე. ჩვენ პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ქალაქი იქნებოდა ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ამ პირობას ვასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2 ჰექტარზე დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, საბაღე ავეჯის, სასმელი წყლის შადრევნების, ფანჩატურების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემების მოწყობა. ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული თარგები, დაირგვება მრავალწლიანი მცენარეები და დაითესება ბალახი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება და მისი სავარაუდო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს. გასული წლის სექტემბერში დასრულდა რიგის პარკის რეაბილიტაცია. ასევე, ნაწილობრივ რეაბილიტირდა ზემოაღნიშნული ბულვარიც, რომლის კეთილმოწყობის მეორე ეტაპი 2022 წლისთვის იყო დაგეგმილი.
რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოებს, მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.