თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს. მისი განმარტებით, იგეგმება 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა და არა – მერიის შენობის გადატანა.
„ეს არის ტყუილი, მორიგი „ფეიკნიუსი“, სიბინძურე, საზოგადოების სიცრუეში შეყვანა. ამასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტმა განცხადება გააკეთა, რომ მერიის გადატანა არსად არ იგეგმება. ეს არის 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა. გარდა ამისა, იქ გადავა კონკრეტული სამსახურები, რომლებიც მერიაში არ სხედან. ეს არის დაცვის სამსახური, თბილისის განვითარების ფონდი და სხვა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება 63-ვე მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით და როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ყველა სერვისით, რითაც დღეს თბილისში მოსახლეობა სარგებლობს, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს რეგიონებში, კონკრეტულ რაიონებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თანხები გამოყოფილია ყველაფრისთვის, ყველა მიმართულებით, სწორადაა გადანაწილებული და ყველაფერს გავაკეთებთ. თუნდაც, ავარიული შენობების თვალსაზრისით, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ გამოყოფილი 20 მილიონის ათვისება მოხდება. ამ შენობაზე რა თანხა დაიხარჯება, არ ვიცით, ჯერ პროექტირება მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.