კახა კალაძე ვაკის პარკში კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კასკადის აღდგენა, რომელიც წლებია, ამორტიზებულია და არ მუშაობს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, რეაბილიტაციის პროცესში პარკს საბავშვო ატრაქციონები დაემატება.

„ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დავასრულეთ, თუმცა, მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი – ეს არის ცენტრალური შადრევნისა და კასკადის სრული განახლება და რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს ცენტრალური შადრევნის კეთილმოწყობა და მთლიანად განახლება. შადრევანი უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად, უფუნქციოდ იყო. წლის ბოლოსთვის ვაპირებთ სამუშაოების დასრულებას თავისი კასკადით, რომელიც აღდგენილი იქნება პირვანდელი სახით. მთლიანად განათებული, მოწესრიგებული, ახალი ფილებით, სადრენაჟო სისტემით, იზოლაციით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროექტი საშვილიშვილო იყოს და ათწლეულებს გაუძლოს. გარდა ამისა, პარალელურად, ითესება ბალახი. მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ საბავშვო ატრაქციონები დაგვემატებინა და ამასაც ვითვალისწინებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება და აღდგება პირვანდელი სახით, იმავე მასალით, კერძოდ, გრანიტით და ბაზალტით, დამონტაჟდება წყალმომარაგების თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა.

ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები