თბილისის მერია: ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს, ახალ შენობაში მუნიციპალური უწყებები განთავსდება
დედაქალაქის მერია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს. უწყების განმარტებით, ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს და ახალ შენობაში მუნიციპალური უწყებები განთავსდება.
„საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა,, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება.
აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე.
ნაგებობაში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე,“ – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.