თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც მან წარსულ ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც თბილისში ჩამოვიდა, არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინა და მოუწია მამიდასთან, გლდანში ცხოვრება, ეს ამოჭრეს და ისე ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს, გლდანელებს მერი შეურაცხყოფას აყენებდა.
მისივე თქმით, არასწორ ინფორმაციას და სიძულვილის ნიაღვარს ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სიცრუე ვიხილეთ, არასწორი ინფორმაცია. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვყვებოდი ჩემს წარსულ ცხოვრებაზე და ვსაუბრობდი, რომ თბილისში როდესაც ჩამოვედი, არ მქონდა საცხოვრებელი ბინა და მომიწია მამიდასთან, გლდანში ცხოვრება. ამაზე ვისაუბრე ერთ-ერთი გადაცემაში და ეს ამოჭრეს, ისე დაატრიალეს, თითქოს, თბილისში ბინა არ მქონდა და გლდანში ვცხოვრობდი. ამით, მათივე ჭკუით, იმის თქმა უნდოდათ, რომ გლდანელებს შეურაცხყოფას ვაყენებდი. რეალურად, საუბარი იყო, რომ მამიდასთან ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი, რადგან არ მქონდა შესაძლებლობა, ბინა მქონოდა დედაქალაქში. მამიდასთან გავატარე საუკეთესო წლები, სადაც დაიწყო ჩემი წარმატება.
ბევრმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა არ მოიწონა ეს ყველაფერი, რაც მისასალმებელია. სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს და სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიბინძურით და სიმდაბლით რაიმეს მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ. თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. 100%-იან სიმართლეს რომ ამბობდეთ, საზოგადოება არაფერს დაიჯერებს. ყოველდღიურად სიცრუეს გადმოსცემთ, სიძულვილის ენით საუბრობთ. ეს არის ბოროტება, რომელიც უნდა დავასრულოთ. მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ნიჰილიზმი დათესოთ, ადამიანები მოატყუოთ”, – აღნიშნავს კალაძე.