დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება 150 ლარია. როგორც მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას ემსახურება.
„გუშინ ერთ-ერთ ტელეარხზე ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა. კონკრეტული ტელეარხის ჟურნალისტი მიდის ადამიანებთან და ეკითხება, აქვთ თუ არა მათ საშუალება, ერთთვიან აბონემენტში გადაიხადონ 150 ლარი. მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან თქვენ იცით, რომ 150 ლარი ღირს არა ერთთვიანი, არამედ – 6-თვიანი აბონემენტი. ვფიქრობ, ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში.
რაც შეეხება გადახდის ახალ სისტემას, რომელიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა, დღეისთვის უკვე გაყიდულია 15 000 აბონემენტი. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ის საშეღავათო პირობები, რომლებიც გვქონდა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ძალაში რჩება ამ ახალი სისტემის პირობებშიც. ვინც სარგებლობდა შეღავათებით და იხდიდა 10, 20 თეთრს ან მგზავრობდა უფასოდ, მაგრამ მიკროავტობუსში უწევდა 80 თეთრის გადახდა, პირველი თებერვლიდან ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული სისტემა და ამ მოქალაქეებს მიკროავტობუსის მგზავრობის დროსაც აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმავე შეღავათით. დაახლოებით, 450 000 პირი სარგებლობს შეღავათით“, – განაცხადა კახა კალაძემ.