თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის საჭირო კვლევებსაც დააფინანსებს
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის, ძვირადღირებული მედიკამენტების გარდა, 2022 წლიდან კვლევებსაც დააფინანსებს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საუბარია თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე.
„თბილისის მერიამ 2020 წელს დაიწყო „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“, რასაც 2022 წელს, მათთვის კვლევების დაფინანსება დაემატა, კერძოდ, მერია აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც დაუფინანსებს. ამ დაავადების სიმპტომები 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამ ასაკობრივი ჯგუფის არატრავმული უნარშეზღუდულობის მიზეზი ხდება. მერიის პროგრამის საშუალებით, შესაძლებელი ხდება გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირები არ მიეჯაჭვონ საწოლს ან ეტლს, არამედ, ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ“,- განაცხადა კალაძემ.