თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე თვეში მუნიციპალური საცხოვრისით 15-16 უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება. როგორც მერმა აღნიშნა, მომავალი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში არცერთი უსახლკარო ოჯახი აღარ იქნება.
„იმ ოჯახებსა და იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა გააჩნიათ, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი, მე მივეცი პირობა, რომ უზრუნველყოფილნი იქნებიან მუნიციპალური საცხოვრისით.
მე ძალიან კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება, ძალიან კარგად ვიცი, რა არის წარმატება. ყველაფერი გამოვლილი მაქვს და გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. ასეთ ადამიანებს, ვისაც ჩვენი მხრიდან სჭირდებათ თანადგომა, მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო ყოველთვის გაუწვდის ხელს მანამ, სანამ არ მიეცემათ ნორმალური ცხოვრების პირობები.
წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრი ვისაუბრე ამ საკითხზე და გაცემულია დაპირება, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება. ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, საბინაო ფონდის შექმნა და მიმდინარე თვეს 15-16 ოჯახი იქნება საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, არსებობს ისეთი პროგრამაც, რომლის მიხედვითაც, ვიდრე უსახლკარო ადამიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არაა, ადგილობრივი რაიონული გამგეობები აძლევენ საშუალებას, რომ ბინები იქირაონ.