დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონენტო სისტემა ამოქმედდა – რამდენი აბონემენტია გაყიდული

დღეიდან დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკვე 15 000-მდე აბონემენტია გაყიდული. მისივე განმარტებით, ახალი სისტემის პარალელურად, მგზავრებს „მეტრომანით“ სარგებლობა კვლავ შეუძლიათ.

„სააბონემენტო სისტემის შემოღება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ. თავიდანვე იყო გაჟღერებული, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმებოდა. 15 000-მდე აბონემენტი არის გაყიდული, თუმცა, ეს რიცხვები ყოველდღიურად იცვლება. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა პაკეტი იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად მგზავრობს ადამიანი. ამის მიხედვით არის დათვლილი პაკეტები, შეთავაზებული საზოგადოებისთვის და თავად იღებს გადაწყვეტილებას პირი, რომელი პაკეტი მიიღოს. არ არის აუცილებელი, ჰქონდეს აბონემენტი, „მეტრომანები“ რჩება ძალაში და ერთჯერადი მგზავრობის შესაძლებლობაც აქვთ. ის თანხა, რომელიც მათ „მეტრომანებზე“ ჰქონდათ დარიცხული, რა თქმა უნდა, მომავალშიც ჩვეულებრივად შეუძლიათ გამოიყენონ.

მგზავრების 80%-ს, ვინც იყენებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, უწევდა კონკრეტულ მგზავრობაზე 1.30 ლარის გადახდა, სააბონემენტო პაკეტებით აქვს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს, რომელი პაკეტი არის მოსახერხებელი. იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობდნენ გარკვეული შეღავათებით, 10-20-თეთრიანი ტარიფებით და უფასო მგზავრობით, უწევდათ მიკროავტობუსებში, დამატებით,80 თეთრის გადახდა. შესაბამისად, დღეს ის შეღავათები, რაც იყო მეტროზე, ავტობუსზე, რა თქმა უნდა, გავრცელდება ამ ადამიანებზეც და ჩვეულებრივად მიკროავტობუსის სარგებლობის შემთხვევაშიც აქვთ საშუალება, გადაიხადოთ 10-20 თეთრი ან იმგზავრონ უფასოდ“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები