დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს დასუფთავების გადასახადი არ გაზრდიათ. მისივე თქმით, ინფორმაცია გაორმაგებული გადასახადების მიღების შესახებ სიცრუეა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფიზიკურ პირებს დასუფთავების გადასახადი არ გაზრდიათ“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით არის განსაზღვრული. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, თბილისის საკრებულოს N4-12 დადგენილების (27.12.2021 წელი) თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება.