“ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ საქართველოში მარტში გაიმართება

ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას NATO-GEO EX 2022 საქართველო მარტში მესამედ უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ. სამი დღის განმავლობაში „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სწავლების დაგეგმვის საბოლოო კონფერენციაზე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა საბოლოო დეტალები შეაჯამეს.

კონფერენციაზე სპეციალურად ნატო-ს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი – ჯოზეფ სპიშაკი და ვიცეპოლკოვნიკი – გაბორ ენდროდი იმყოფებოდნენ. ნატო-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სწავლების დეტალები განიხილეს.

საუბარი ასევე ნატო-სთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება. სწავლებაში მონაწილეობას 20-ზე მეტი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები