თინა ხიდაშელი: მტერი კარს არის მომდგარი და ხვალ-ზეგ შესაძლოა, თავს დაგვესხას
“ქართული პოლიტიკური სპექტრი ძალიან გაერთო ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – აბა, რომელი უფრო ენამოსწრებულად იტყვის ცუდს მეორეზე. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ერთმანეთთან ქიშპობით არიან დაკავებული”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ხიდაშელმა ინტერვიუში რეგიონში განვითარებული პროცესებიც შეაფასა და უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტზეც ისაუბრა.
“რეზოლუციის ტექსტი ყველაფერთან შეუსაბამოა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ აბსოლუტურად დისტანცირებულია მთავარი საფრთხისგან – ისეა დაწერილი, თითქოს ჩვენ არ გვეხება, სამყაროს რომელიღაც წერტილში ვიღაცას ვიღაცასთან რაღაც პრობლემა აქვს და იძულებული ვართ ამას გამოვეხმაუროთ. ბევრი რამ მოვისმინეთ ხელისუფლებისგან იმის გასამართლებლად, რომ ეს ყველაზე სწორი ვერსიაა. სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმაც იგივე გაიმეორა. ასეთ რეზოლუციას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კეთდება ერთმნიშვნელოვანი განაცხადი იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. სინამდვილეში ჩვენ უკრაინაზე კი არ ვაკეთებთ რეზოლუციას, ვსაუბრობთ უკრაინაზე და ვგულისხმობთ საქართველოს – ასეთი უნდა იყოს ეს დოკუმენტი, მაგრამ ეს არ ჩანს. ეს დიდი ტრაგედიაა და არა პატარა შეცდომა. როდესაც ამ ტექსტს ვკითხულობ, მაქვს განცდა, რომ საფრთხეს ვერ და არ აღიქვამენ, აცდენილია პრობლემების იმ მასშტაბს, რომელიც საქართველოს შეიძლება დაემუქროს რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს. დაწყებული იმით, რომ არა მგონია, საზოგადოებას ბოლომდე გაცნობიერებული ჰქონდეს, რა მასშტაბურია ყველა ჩვენს უბედურებაში სწორედ ამ დარღვეული უსაფრთხოების წილი და დამთავრებული იმით, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არა აქვს რეალურად დანახული პრობლემის მასშტაბი და ამ პრობლემის გავლენა ყველა იმ უბედურებაზე, რაც გვჭირს. ეს ყველაფერი თითქოს რაღაც განყენებულ სივრცეშია, ცალკე, და დანარჩენი ქვეყანა ცალკე, თავისით ვითარდება. ეს არც საზოგადოებას, არც ხელისუფლებას და მაინცდამაინც არც ოპოზიციურ სპექტრს არა აქვთ გაცნობიერებული. ახლა ძალზე კონკრეტული ვითარებაა, ჩვენ მოსალოდნელ ომზე ვლაპარაკობთ. ახლა უკრაინის მხარდამჭერი ზოგადი განცხადებები არ კეთდება, რადგან მტერი კარს არის მომდგარი და ხვალ-ზეგ შესაძლოა თავს დაგვესხას. ომი სპეციფიკური მოვლენაა, სადაც არსებობენ მტრები და მოკეთეები, ანუ არსებობენ ომში პარტნიორები, მოკეთეები და არსებობენ ომში მტრები და მოწინააღმდეგეები. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სად არის, რომელ ბანაკში, მოკავშირეების თუ მოწინააღმდეგეების. ცალკე აღებულ რომელიმე ძალას, არც “ოცნებას”, არც რომელიმე ოპოზიციურ ძალას არ უნდა სჭირდებოდეს მეორის და მესამის თანხმობა, ის თავად უნდა აკეთებდეს ამ განაცხადს. ჩვენ ხომ იმაზე არ ვლაპარაკობთ, რომ, მაგალითად, მეჩვიდმეტე სიტყვის ნაცვლად ოცდამეცხრამეტე არ უნდა ეწეროს. ერთადერთი მოთხოვნა აქვს დღეს სრულიად დედამიწას და კერძოდ, საქართველოს – ჩაემატოს, ვინ არის მტერი. ჩაიწეროს ერთმნიშვნელოვნად, რომ რუსეთი მტერია, აგრესორი და თავდამსხმელი. ხელისუფლებას ამაში ვინმეს დაამხანაგება არ უნდა სჭირდებოდეს. სხვა საკითხია, ოპოზიცია ამას დათანხმდება თუ არა, მაგრამ თვითონ ხელისუფლება რა პოზიციაზეა, ეს უნდა ჩანდეს მათ განცხადებაში.
ქართული პოლიტიკური სპექტრი ძალიან გაერთო ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – აბა, რომელი უფრო ენამოსწრებულად იტყვის ცუდს მეორეზე. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ერთმანეთთან ქიშპობით არიან დაკავებული და არა ინიციატივებითა და იდეებით. გასაგებია, რომ ოპოზიცია ქვეყნის პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მაგრამ მოსახლეობა უნდა ხედავდეს, რომ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს პოტენციალი, ხვალ არჩევნები რომ ჩატარდეს და სხვა მოვიდეს ხელისუფლებაში, მათ პრობლემებს მოაგვარებს. ეს კი არ ჩანს”,- აცხადებს ხიდაშელი.
ჟურნალისტის კითხვაზე: “ომის თემას დავუბრუნდეთ, შესაძლებელია დასავლეთმა აქცენტი უკრაინაზე გადაიტანოს და საქართველო, ასე ვთქვათ, რუსეთს დაუთმოს?”,- თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ ამის მოლოდინის მიზეზი არ არსებობს.
“არა, არ მგონია, ამის მოლოდინის ობიექტური მიზეზი არსებობდეს. ახლა ისე გამოვიდა, რომ დაცვის ზონაში ჩვენ ბუნებრივად აღმოვჩნდით. რეალურად ჩვენი პარტნიორები ერთად განიხილავენ ჩვენი და უკრაინის საკითხს და არა მგონია, კრემლში ეს არ ესმოდეთ. ეს გაცილებით ფართო საკითხია, არ არის კონფლიქტი მხოლოდ უკრაინასა და საქართველოსთან და რუსეთი რაიმეს დამტკიცებას საქართველოსა და უკრაინისთვის არ ცდილობს. ეს არ არის კრემლის დღის წესრიგი. მათ ბლეფის თამაში დაიწყეს და გამოწვევა გაუგზავნეს ცივილიზებულ სამყაროს, უპირველესად კი, ამერიკას. ეს ერთგვარად პუტინის გადამწყვეტი ბრძოლაა პირველობისთვის თუ თანაბრობისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ყველა ობიექტური საფუძველი არსებობს ამისთვის, რომ მისი ბლეფი მასვე ძალიან ცუდად მიუბრუნდება”,- განაცხადა ხიდაშელმა.