„რეგიონალურ სარდლობა სამხრეთ-დასავლეთში“ მეთაურობა შეიცვალა
აშშ-ის „საზღვაო ქვეითთა II საექსპედიციო ძალებმა“ ჰელმანდისა და ნიმრუზის პროვინციების მართვასა და კონტროლზე პასუხისმგებლობა „საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ბრიგადა ავღანეთს“ უკვე სრულად გადააბარეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ მეთაური გენერალ-მაიორი ვოლტერ მილერი ბრიგადის გენერალმა დენიელ იომ ჩაანაცვლა. „საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ბრიგადა ავღანეთის“ შემადგენლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი იმსახურებს. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაზა „ლეზერნიკზე“ გაიმართა. ღონისძიებაზე საზღვაო ქვეითების ძველმა და ახალმა მეთაურობამ სარდლობისა და საექსპედიციო დანაყოფების საბრძოლო დროშები გაცვალეს. ღონისძიებას, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და კოალიციური ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, 31-ე ბატალიონის მეთაურობაც დაესწრო. გადაბარების ცერემონიის დასრულების შემდეგ, პირველივე სამუშაო დღეს „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ ახალმა მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დენიელ იომ ბაზა „ლეზერნიკზე“ ქართველთა ერთ-ერთი საგუშაგო მოინახულა. საგუშაგოზე გენერალს 31-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი დახვდა. ქართული დანაყოფის მეთაურმა სარდლობის ახალ ხელმძღვანელს არსებული სიტუაცია და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოვალეობები პირადად გააცნო. მომავალი ერთი წლის განმავლობაში „საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ბრიგადა ავღანეთი“ ჰელმანდისა და ნიმრუზის პროვინციებში კოალიციური ძალების ოპერაციებს უხელმძღვანელებს. ISAF-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, 13 -წლიანი საბრძოლო კამპანიის განმავლობაში მომავალი ერთი წელი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ქვეყანა პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადება, რომლის დროსაც ავღანეთის ისტორიაში პირველად უნდა მოხდეს პოლიტიკური ძალაუფლების საყოველთაო კენჭისყრის წესით გადაცემა.