თურქეთმა თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა
საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა.
ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ტექნიკა ადგილზე პირადად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა.
ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქული მხრიდან 11 ერთეული ლოჯისტიკური დანიშნულების მანქანა, 2 ერთეული მიკროავტობუსი, 2 ერთეული ტრაქტორი და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები გადაეცა. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ. ამ ეტაპზე თურქეთის მხრიდან გადმოცემული სპეციალური ტექნიკის ღირებულება 597 722,69 აშშ დოლარს შეადგენს.
ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან – სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი პოლკოვნიკი კახაბერ ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ.