კულუმბეგოვი: გაქვთ კლინიკური სიმპტომები? ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში და მიჰყევით ტესტირების რეჟიმს

“გაქვთ კლინიკური სიმპტომები? ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში და მიჰყევით ტესტირების რეჟიმს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, იმუნიზაციის საბჭოს წევრმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კულუმბეგოვი კორონავირუსის ტესტირების საკითხს გამოეხმაურა.

„ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და FDA ცალსახად ადასტურებს, რომ რაღაც სერიოზული გარღვევა იმასთან დაკავშირებით, რომ სწრაფი ან PCR ტესტი ვერ პოულობდეს „ომიკრონით“ დაავადებულ პაციენტებს, არ ფიქსირდება. ამიტომ, სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში ადამიანებმა მაინც უნდა გაიკეთონ ტესტი, რაც აუცილებელია. ჩვენ ვამბობთ, რომ PCR ტესტი არის ოქროს სტანდარტი დაავადების გამოსავლენად, მაგრამ ისიც არ არის 100%-იანი. კონტაქტების ძიებისას ანტიგენის ტესტს, პრაქტიკულად, არ შეუძლია, დაბალ კონცენტრაციაში გამოავლინოს ვირუსი, შესაბამისად ანტიგენის ტესტის მგრძნობელობა იზრდება მხოლოდ კლინიკური სიმპტომების მქონე ადამიანში. ამიტომ, ანტიგენის ტესტის გაკეთებას აზრი მაშინ აქვს, თუ კლინიკური სიმპტომატიკა არის გამოვლენილი. თუ ვეძებთ მხოლოდ კონტაქტებს და არ გვაქვს კლინიკური სიმპტომატიკა, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ აზრი აქვს PCR ტესტის გაკეთებას. თუ კლინიკური სიმპტომატიკა აქვს ადამიანს და ანტიგენი უარყოფითია, რასაკვირველია, მეორე ეტაპზე უნდა ჩატარდეს PCR ტესტირება. თუ ჩვენ ვართ კლინიკური სიმპტომებით გამოხატული, აუცილებლად გვჭირდება თვითიზოლაცია და პროტოკოლით ტესტირება. გაქვთ კლინიკური სიმპტომები? ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში და მიჰყევით ტესტირების რეჟიმს. ცდომილების ზღვარი არსებობს, არსებობდა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ტესტები მოქმედი და ვალიდურია. ტესტები იჭერენ „ომიკრონს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები