ქართველი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, რომელიც „ვერმახტის“ ქართულ ლეგიონში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა

მიხეილ ქავთარაძე 1906 წლის 21 ნოემბერს ძველ სენაკში დაიბადა საეკლესიო აზნაურის, ერისტო ქავთარაძის ოჯახში. მონაწილეობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. 1927 წელს, 21 წლის ასაკში დატოვა საქართველო. გადავიდა თურქეთში, საიდანაც საფრანგეთში გაემგზავრა და შეუერთდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. უცხოეთში ეწეოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას.

1941 წელს, სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად, მოხალისედ ჩაეწერა გერმანული ჯარის იმ დანაყოფში, რომელიც, ძირითადად, ქართველებით, ტყვეთა ბანაკებიდან გამოყვანილი წითელარმიელებით იყო დაკომპლექტებული. „ვერმახტის“ ქართული ლეგიონის ქვედანაყოფების „თამარ I“-სა და „ბერგმანის” უმთავრესი მიზანი იყო სამშობლოს გათავისუფლება საბჭოეთის რეჟიმისაგან და დამოუკიდებლობის დაბრუნება.

1942 წლის ზაფხულში ქართველი ემიგრანტებისგან დაკომპლექტებულმა სამხედრო შენაერთებმა ბრძოლით მიაღწიეს საქართველოს ჩრდილო–დასავლეთ საზღვრამდე. კერძოდ, ზემო სვანეთისა და ზემო რაჭის მახლობლად, ყაბარდოში დაბანაკდნენ.

„ყოველდღე იმედით გავყურებდით კავკასიონის დათოვლილ ქედს, რომლის გადაღმაც ჩვენი სამშობლო გვეგულებოდა. რამდენჯერმე საქართველოდანაც გადმოვიდნენ და აღგვითქვეს – თბილისში საიდუმლო ანტისაბჭოური ორგანიზაციები მოქმედებენ და თქვენი შემოსვლისთანავე დამოუკიდებლობის აღდგენას აპირებენო“, – იხსენებს მიხეილ ქავთარაძე.

გერმანელების სტალინგრადთან დამარცხების შემდეგ ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელი გახდა და ქართული ლეგიონები უკან გაბრუნდნენ.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1950 წლიდან, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მიხეილ ქავთარაძე გამოსცემდა და რედაქტორობდა ემიგრანტულ ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ ,,ივერიას”, რომლის ფურცლებზეც გამოქვეყნებული აქვს მრავალი პოლიტიკურ-პუბლიცისტური თუ ლიტერატურული ხასიათის სტატია და ნარკვევი. არის ავტორი ავტობიოგრაფიული რომანისა „იანიჩარები“, რომელშიც საინტერესოდაა აღწერილი რევოლუციამდელი საქართველოს ეპიზოდები; ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, შეხვედრები ცნობილ პიროვნებებთან, აგვისტოს აჯანყება და ა.შ. ვრცლად და დეტალურადაა გადმოცემული მეორე მსოფლიო ომში ქართველთა მონაწილეობის ისტორია. ასევე ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მისი ნაშრომები ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენს ამ ეპოქის მკვლევართათვის.

1991 წელს მიხეილ ქავთარაძემ პარტიული რეგალიები გადასცა პარიზში სტუმრად მყოფ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, გიორგი ჭანტურიას.

2003 წელს, ღრმად მოხუცებული და თვალისჩინდაკარგული მიხეილ ქავთარაძე სამშობლოში დაბრუნდა. მან 76 წელი გაატარა დასავლეთ ევროპაში, ექვსი ენა შეისწავლა, მაგრამ სააზროვნო ენა მისთვის მხოლოდ ქართული იყო და ერთი დღეც არ უარსებია საქართველოს გარეშე. ამის ნათელი დადასტურებაა მისი მემუარები, პუბლიცისტური წერილები და ლექსები.

ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ეროვნულ-დემოკრატიული (ედპ) პარტიის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებულმა დაასრულა სიცოცხლე.

სამშობლოს მონატრებულმა მიხეილ ქავთარაძემ ოთხ წელიწადზე ოდნავ მეტხანს იცხოვრა ახალ საქართველოში და სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, 2007 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა კიდევ ერთი ავტობიოგრაფიული ნაშრომი „ცხოვრების 100 წელი“, სადაც თავმოყრილია „იანიჩარები“, ლექსების კრებული „ფიქრის ნატეხები“ და თითქმის ყველა ის მასალა, რაც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ემიგრაციაში გამომავალ ჟურნალებში: „ივერია“, „კავკასიონი“, „თავისუფლების ტრიბუნა“ და სხვა. კრებული ისტორიკოსების მიერ შეფასებულია, როგორც მემუარული ლიტერატურის შესანიშნავი ნიმუში.

მიხეილ ქავთარაძე 101 წლის ასაკში, 2008 წლის 9 იანვარს, თბილისში, გარდაიცვალა.

დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები