დაარსებიდან დღემდე – საინტერესო ფაქტები ლონდონის მეტროზე

ალბათ, მისთვის, ვინც ლონდონშია ნამყოფი, ან ახლო მომავალში აპირებს ჩასვლას, ან, სულაც, უყვარს სიახლეები, საინტერესო იქნება ლონდონის მეტროს შესახებ ისეთი დეტალების გაგება, რომელიც ბევრმა არ იცის.  იმ მეტროს შესახებ, რომელმაც ფუნქციონირება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1863 წლის 10 იანვარს დაიწყო…

დავიწყოთ იმით, რომ ლონდონის მეტროპოლიტენით ყოველდღიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ პარიზის და მოსკოვის მეტროპოლიტენებს ჩამორჩება. საინტერესოა, რომ ყველაზე დიდხანს, გადაჯდომის გარეშე გადაადგილება, რაც 1 საათსა და 28 წუთს გრძელდება, მეტროს მგზავრებს ორ სადგურს, „უესტ რაისლინგსა“ და „ეპინგს“ შორის უწევთ.  მანძილი ამ ორ სადგურს შორის 54,9 კილომეტრია.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ავიაციის ბომბებს თავს აქ  ლონდონის მოსახლეობის თითქმის 1/6 აფარებდა. მათ გამოსაკვებად გვირაბებში, ყოველდღიურად,  7 ტონა საკვები და 11 ათასი ლიტრი ჩაი და კაკაო ჩაჰქონდათ.

მეტროს დაარსებიდან დღემდე  ლონდონის მიწისქვეშეთში სამი ახალშობილი მოევლინა ქვეყნიერებას.
ოფიციალური სტატისტიკით,  ყოველწლიურად აქ  50 ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით.
ყოველდღიურად მეტროს გვირაბებიდან 75 მილიონი ლიტრი წყლის ამოტუმბვა ხდება.

მსოფლიოში პირველი მონარქი, რომელმაც ლონდონის მეტროთი იმგზავრა, ელისაბედ მეორე იყო. ეს პატივი ლონდონის მეტროპოლიტენს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა 1966 წელს დასდო, როცა ახალი სადგურის, „ ვიქტორიას“ გახსნას დაესწრო.

ლონდონის მეტროში 426 ესკალატორი ფუნქციონირებს და საერთო ჯამში, მათ მიერ დღეში დაფარული მანძილი ორჯერ აღემატება დედამიწის ეკვატორის სიგრძეს.

თამბაქოს მოწევა მეტროში ჯერ კიდევ 1987 წელს აკრძალეს. ალკოჰოლის მოხმარება – 2008 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები