საინტერესო ამბები სტირლინგის ციხესიმაგრეზე
თავისი ისტორიის მანძილზე სასახლე, დაახლოებით, რვაჯერ მოხვდა ომის ქარცეცხლში და ინგლისსა და შოტლანდიას შორის მუდმივად იცვლიდა მეპატრონეს. შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველი ომის დასასრულს, 1328 წელს შოტლანდიელებმა შეძლეს მისი უკან დაბრუნება. შოტლანდიის მეფემ, რობერტ ბრიუსმა გასცა ბრძანება, ციხესიმაგრე ისე დაენგრიათ, რომ ინგლისელებს ვეღარ დაეკავებინათ, მაგრამ ამით სტირლინგის ციხესიმაგრის ისტორია არ მთავრდება.
მოგვიანებით, სასახლე ძალიან ფასეული გახდა სტიუარტებისთვის, მათ შორის, შოტლანდიის დედოფლის, მერისა და მეფე ჯეიმსისთვის. დღესდღეობით, ის ყველაზე ცნობილი ძეგლია შოტლანდიაში და წლიურად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ტურისტი სტუმრობს.
სტირლინგის ციხესიმაგრის უძველესი ნაგებობა, დაახლოებით, 3 000 წლისაა. ადგილობრივი სამეფო რეზიდენცია აქ 2 000 წლის წინ უნდა ყოფილიყო, ხოლო უშუალოდ მძლავრი ქვისგან აგებული ციხესიმაგრის სახე პირველ საუკუნეში რომაელებმა მისცეს.
კენეტ მაკალპინმა (ცნობილია, როგორც „შოტლანდიის პირველი მეფე“) ციხესიმაგრეს მე-9 საუკუნეში ალყა შემოარტყა, თუმცა დღევანდელი მეცნიერები ამ ამბავს უფრო მითად მიიჩნევენ, ვიდრე სინამდვილედ. დანამდვილებით კი ის ვიცით, რომ შუა საუკუნეებში ციხესიმაგრე შოტლანდიის სამეფო რეზიდენციად მიიჩნეოდა.
1110 წლის ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ შოტლანდიის მეფე ალექსანდრე პირველმა ტაძრისთვის შესაწირი გაიღო, ეს ფაქტი კი მიუთითებს იმაზე, რომ უკვე არსებობდა სამეფო კავშირები. ამ დროისათვის, ახალი შენობა და ეზო ძველი ნაგებობების ადგილას იგება.
თავად ალექსანდრე პირველი სწორედ ამ სასახლეში გარდაიცვალა 1124 წელს. მე-12 საუკუნის შუახანებში ციხესიმაგრე უკვე მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.
ყველა, დაწყებული კელტებთ, რომაელებით და ბოლოს შოტლანდიელებით, დაინტერესებული იყო სტირლინგის ციხესიმაგრით, პირველ რიგში, მისი ადგილმდებარეობის გამო.
დღევანდელი სახით არსებული ციხესიმაგრის ძირითადი ნაწილი მეფე რობერ ბრიუსის დროსაა აგებული, ხოლო შესასვლელი მოგვიანებით, მეფე ჯეიმს მე-4-ის დროს დაემატა. მოგვიანებით, მას ახალი ნაგებობა დაემატა ჯეიმს მე-5-ის დროს, რომელიც აქ 1513 წელს მოვიდა თავის ახალგაზრდა ფრანგ მეუღლესთან – მერი დე გიზთან ერთად, რომელიც შოტლანდიის დედოფალ მერის დედა იყო. სამეფო აპარტამენტები დღესაც ისევე გამოიყურება, როგორც 1540 წელს და მას ნამდვილად ეტყობა მერი დე გიზის ხელი.
სწორედ ამ ციხესიმაგრეში შედგა 1543 წელს დედოფალ მერის შოტლანდიის დედოფლად კურთხევის ცერემონიალი. აქვე გაატარა მან თავისი დედოფლობის პირველი პერიოდი. მოგვიანებით კი, ისევ დაბრუნდა, რათა აღეზარდა ერთადერთი ვაჟი, მომავალში – ჯეიმს მეექვსედ წოდებული.
მიიჩნევა, რომ სწორედ სტირლინგის ციხესიმაგრეში მოიგონეს ფეხბურთი. როგორც ცნობილია, დედოფალ მერის ძალიან უყვარდა სპორტი. მას თავის ერთ-ერთ დღიურში აღწერილიც კი აქვს ეს თამაში. ბურთი დამზადებული იყო ღორის შარდის ბუშტისგან, რომელსაც გადაკრული ჰქონდა ხბოს ტყავი და, დაახლოებით, დღევანდელი ფეხბურთის ბურთის ზომის ნახევარი იყო.