5 მილიონი ლარი უსახლკარო ოჯახების ბინებით დასაკმაყოფილებლად, 10 მილიონი ლარი კი, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერების პროგრამისთვის დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.
2022 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე საუბრისას ვიცე-მერმა, ასევე, სხვა კონკრეტული თანხებიც დაასახელა, რომელიც მომდევნო წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელებისას დაიხარჯება.
„ახალი პროექტების შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომლებიც 2022 წელს დაიწყება და მათი ნაწილი 2022 წელსვე დასრულდება. ეს პროექტებია კრწანისის ქუჩის რეაბილიტაცია, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, მინდელის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება – ამისთვის ჯამში 12 720 000 ლარია გამოყოფილი.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა – ეს არის 20 მილიონი ლარი. ამასთან, პროგრამა, რომელიც ყველამ კარგად იცით და რომელზეც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით – ეს არის უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამა. მათთვის საცხოვრებელი ბინების შეძენა – 5 მილიონი ლარი. გარდა ამისა, პენსიონერებისთვის 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერით დახმარებისთვის გამოყოფილია 10 მილიონი ლარი. ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-8 ხელოვნების სკოლისთვის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით – 750 000 ლარი. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუბინაშვილის 21-ში – 1 300 000 ლარი. 15 პარკის პროექტი -10 მლნ ლარი, რომელიც, ძირითადად, გეგმარებითი და საპროექტო სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. სპორტული ცენტრების მშენებლობა – 5 000 000 ლარი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.