რას გულისხმობს გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც თბილისის მერია 190 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს

მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტიდან გარდამავალ ინფრასტრუტურულ პროექტებზე 190 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროექტებია: ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულება; უნივერსიტეტის და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა; ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზღვის უბნის პარკის მოწყობა; ფურცელაძის N30, N32 და N34 ნომრების რეაბილიტაცია.

ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამები, რომლებიც შემდეგ მისამართებზე განხორციელდება: ორბელიანის ქუჩა N19 და N23, რომის ქუჩა N4, კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია, ერეკლე მეორეს N6 და N7-ის მშენებლობა, ანტონ კათალიკოსის N30, N32 N34-ის რეაბილიტაცია, წინამძღვრიშვილის N1-ის რეაბილიტაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, 2022 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი პროექტები:  გუდიაშვილის მოედანზე, 9 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება – 20 მლნ ლარი; ვარკეთილში, N180 სკოლის მიმდებარედ, მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება – 7 მლნ ლარი; დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება – 1 მლნ 853 ათასი ლარი; ლადო ასათიანის ქუჩა N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება – 1  მლნ 104 ათასი ლარი. გარდა ამისა, თბილისის მერიის მიერ შესყიდული  180 ერთეული ავტობუსის პროექტის ფარგლებში, მოსაწოდებელი ავტობუსების ღირებულება მომავალი წლის ბიუჯეტიდან 62 მლნ ლარით დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები