თბილისში პარკირების საფასური არ იზრდება, აბონემენტი მხოლოდ ალტერნატივაა
დედაქალაქის მერიის განცხადებით, ქალაქში პარკირების საფასური არ იზრდება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მედიასაშუალებებში გავრცლებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს, თბილისში პარკირების საფასური იზრდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ – პარკირების ფასები რჩება უცვლელი.
რაც შეეხება სიახლეს – ზონალურ-საათობრივი პარკირების გადახდის სისტემას, მსურველთათვის, დაემატება ვადიანი აბონემენტები, რაც ძირითადად ბიზნესსექტორისთვისა და ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი. აბონემენტები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ალტერნატიულ შეთავაზებას და მისი გამოყენება არ იქნება სავალდებულო. თბილისელებს ან ჩვენი ქალაქის სტუმრებს კვლავაც შეეძლებათ ზონალურ-საათობრივი პარკირების ადგილებში ჩვეულებრივ ისარგებლონ 1-ლარიანი გადახდის სისტემით.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი ეცით საკუთარ მაყურებელს თუ მკითხველს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტს, გადაამოწმეთ მერიის პრესსამსახურში,“ – აღნიშნავენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.