თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფილარმონიის წინ მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა. როგორც მერმა გადაცემაში – „იმედი LIVE“ აღნიშნა, უახლოეს მომავალში მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება.
„ჭავჭავაძის გამზირის მოდელი განხორციელდება სხვაგანაც. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომ ქუჩები, სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ, ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად იყოს მოწყობილი. არ არის აუცილებელი, რომ შუა ზოლი იყოს გამოყენებული ავტობუსებისთვის. ყველა ქუჩას ინდივიდუალური მიდგომა აქვს. შემდეგი არის მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია, რომელსაც მომდევნო წელს დავიწყებთ. ასევე ფილარმონიის წინ გვინდა მიწისქვეშა პარკინგის გაკეთება. ჩვენ შევთავაზეთ „ნაცმოძრაობას“, რომ 1 ლარად გადავცემდით, რათა მათ გაეკეთებინათ ეს პროექტი, თუმცა არ გააკეთეს და მუნიციპალიტეტი გააკეთებს ამას. კოსტავას ქუჩა და რუსთაველის გამზირიც ანალოგიურად მოწესრიგდება, სადაც პრიორიტეტი ექნებათ ფეხით მოსიარულეებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, იქნება ველობილიკები, გამწვანება და ა.შ.“ – განაცხადა თბილისის მერმა.