კალაძე: არ ძვირდება ტარიფი, ასე რომ ყოფილიყო, პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბონემენტების სისტემის შემოღებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი არ იზრდება. როგორც მერმა გადაცემაში – „იმედი LIVE“ აღნიშნა, თუ ტარიფი გაძვირდებოდა, ამის შესახებ მოსახლეობას პირდაპირ ეტყოდა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით 900 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდება, მათი 53 % კი, შეღავათებით სარგებლობს.

„არ ძვირდება, მეგობრებო, ტარიფი. ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, შესაძლებლობა, უნარი და ის დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს. შესაძლოა, ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას პირდაპირ ვეტყოდი, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე.

შეღავათი რჩება. ამავდროულად, ეს შეღავათები ვრცელდებოდა მეტროსა და ავტობუსებზე იმიტომ, რომ მიკროავტობუსის ღირებულება იყო 80 თეთრი. ამ 53 %-ზე ეს არ ვრცელდებოდა და მიკროავტობუსში მათ 80 თეთრის გადახდა უწევდათ. ამ გადაწყვეტილებით, ინტეგრირება გავაკეთეთ მეტროსი, ავტობუსის, მიკროავტობუსისა და საბაგიროსი და ამ 53 %-ს მოუწევს 10 თეთრის, 20 თეთრის გადახდა და უფასო მგზავრობა უკვე მიკროავტობუსებითაც. ეს 53 % არიან სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები, ბაღის თანამშრომლები, ვეტერანები და ა.შ.

თბილისში საშუალო მობილობის კოეფიციენტი არის სამი, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში არის ორ-ნახევარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, გარდა სახლი-სამსახურისა, თვეში 7-ჯერ მიდიან ან მეგობართან, ან ბაზარში, მაღაზიაში და ა.შ. ამაზე კვლევებია ჩატარებული. საშუალოდ, სამთვიანი ბარათი რომ ავიღოთ, ტარიფს თუ შევადარებთ, ნიშნავს, რომ 50 თეთრიანი ტარიფის პირობებში, 114 ლარი ეხარჯებოდათ ამ ადამიანებს. დღევანდელი აბონიმენტებით, სამი თვის მაგალითზე რომ ვნახოთ, 114 ლარის ნაცვლად, გადაიხდიან 100 ლარს. 6-თვიანი პაკეტი რომ აიღონ, კიდევ უფრო ნაკლებს.

იყო კატეგორია ადამიანების, რომლებიც მგზავრობდნენ სახლსა და სამსახურს შორის და ერთი ტრანსპორტი სჭირდებოდათ. ასეთი ძალიან ცოტაა. მეორე კატეგორიაა, ვინც იყენებდა მეტროს, ავტობუსს და ასევე მიკროავტობუსს. მათ 1 ლარი და 30 თეთრი უჯდებოდათ. არის მესამე კატეგორია ადამიანების, რომლებსაც მგზავრობა 1 ლარი და 80 თეთრი უჯდებოდათ. უხეშად რომ დავთვალოთ, 1 ლარის პირობებში, წელიწადში მათ მგზავრობა უჯდებოდათ 365 ლარი, ამას გამოვაკლოთ უქმეებიც და დავაკლოთ კიდევ 30 ლარი. 1-წლიანი პაკეტის ღირებულება კი 250 ლარია. თვეში გამოდის 20 ლარი. გარდა ამისა, რამდენიც გინდა იარე, არ ხარ შეზღუდული. რაც ყველაზე მთავარია, თუ ავტობუსიდან მიკროავტობუსში გადაჯდომა გიწევდა და იქ უნდა გადაგეხადა 80 თეთრი, დღეს უკვე ყველაფერი ინტეგრირებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები