მუხიანის მესამე მიკრორაიონში, ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოაწყო. აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ინიციატივით, 14-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობამ კი სკვერის მოწყობის სამუშაოები განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაირგო ხეები და დაითესა ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მოიხატა კედლები.

 

ასევე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა, თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.
მემორანდუმების მიზანი გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი ასევე ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას. მსგავსი ტიპის მემორანდუმი გაფორმდება ყველა იმ მისამართზე მცხოვრებ საინიციატივო ჯგუფთან, სადაც რეკრეაციული და გასართობი სივრცეები მოეწყობა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი – ლევან ნაროუშვილი გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები