გიორგი ბაბუნაშვილი – სატრანსპორტო აბონემენტებზე: დიფერენცირების იდეა სწორია, თუმცა ვისურვებდი, ტარიფი უფრო დაბალი იყოს

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 1-ელი თებერვლიდან სატრანსპორტო აბონემენტების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბაბუნაშვილის აზრით, ამ სიახლის ცალსახად შეფასება – მხოლოდ დადებითად ან მხოლოდ უარყოფითად – არ შეიძლება. როგორც სპეციალისტი „კვირასთან“ საუბრისას განმარტავს, სატრანსპორტო ხარჯი მგზავრების მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას შეუმცირდება, სხვებს კი, გაეზრდება.

„თავად პრინციპი – დიფერენცირებული მგზავრობის გადასახადი – მისასალმებელია. მოგეხსენებათ, ეს პრინციპი მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში მოქმედებს – ვინც უფრო გრძელვადიან აბონემენტს ყიდულობს, უფრო იაფს იხდის.

რაც შეეხება უშუალოდ მერიის მიერ წარმოდგენილ ტარიფებს, იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად, რეგულარულად მგზავრობს მუნიციპალური ტრანსპორტით, 1 წლის განმავლობაში, გადასახადი ან, თითქმის, იგივე ან უფრო მცირე გამოდის. გააჩნია, თითოეული მათგანი როგორ და რა სიხშირით იყენებს მუნიციპალურ ტრანსპორტს. 1-წლიანი, 250-ლარიანი აბონემენტის პირობებში, იმ ადამიანებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ მეტროთი და ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, თანაც მხოლოდ სამუშაო დღეებში, წელიწადში, დაახლოებით, იმავეს გადახდა უწევთ. იმ კატეგორიისთვის, რომელიც დღეში რამდენჯერმე მგზავრობდა და მუნიციპალურ ტრანსპორტს შაბათ-კვირასაც იყენებდა, დანაზოგი წელიწადში, დაახლოებით, 80 ლარამდე გამოდის.

ვინც ყვითელ მიკროავტობუსებს აქტიურად იყენებდა, მათთვის შეღავათი, ზოგ შემთხვევაში, 400 ლარსაც კი აღწევს. ეს არის კატეგორია, რომელიც, მაგალითად, დილით მიკროავტობუსით ჩადიოდა მეტრომდე და 50 თეთრს იხდიდა. შემდეგ იმავე თანხას იხდიდა მეტროში. საღამოსაც შინ დაბრუნება 1 ლარი უჯდებოდა.

რაც შეეხება მოკლევადიან აბონემენტებს, 6-თვიანი 150-ლარიანი აბონემენტი, 250-ლარიანთან შედარებით, ნაკლებ ეკონომიას იძლევა, თუმცა სარგებელი მაინც არის. 3-თვიანი აბონემენტის შემთხვევაში, გადასახადი, დაახლოებით, იგივეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ინტენსიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. სხვა შემთხვევაში, მათ გადასახადი უძვირდებათ.

რაც შეეხება უფრო მოკლევადიან აბონემენტებს, აქ შეღავათი უკვე აღარ არის და მგზავრებს უფრო მეტის გადახდა უწევთ. მაგალითად, 1-დღიანი აბონემენტი ღირს 3 ლარი. 3 ლარს დღეში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანები ძალიან იშვიათად ხარჯავენ.

გარდა ამისა, სხვა პრობლემაც არსებობს. შესაძლოა, 250-ლარიანი აბონემენტი შეღავათს იძლევა, თუმცა ადამიანებს ხშირად არ აქვთ საშუალება, ერთიანად გადაიხადონ ამხელა თანხა.

დიფერენცირების იდეა სწორია, თუმცა ვისურვებდი, ტარიფი უფრო დაბალი იყოს,“ – აღნიშნავს გიორგი ბაბუნაშვილი.

მისივე თქმით, გარკვეული უხერხულობა შეიძლება წარმოქმნას აბონემენტების ყიდვის მექანიზმმაც.

„მაგალითისთვის ავიღოთ ადამიანი, რომელიც თბილისში არ მგზავრობს, საქართველოს სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა დედაქალაქში და სჭირდება ავტობუსში ასვლა. თითქმის, ყველა მოქალაქეს აქვს რომელიმე ბანკის ბარათი, რითიც აქამდე მგზავრობა შეიძლებოდა და სხვა ბარათის საყიდლად სადმე წასვლა არ იყო საჭირო. არ ვიცი, ახლა როგორ იქნება. მსგავსი გაურკვევლობაა ტურისტის შემთხვევაშიც – სად უნდა იყიდოს ტურისტმა სამგზავრო აბონემენტი ან საიდან უნდა ჰქონდეს მას ეს ინფორმაცია?! თუ აბონემენტი, პირობითად, მეტროში უნდა გაიყიდოს, მას ხომ იქამდე მისვლა სჭირდება?! ბევრი ნიუანსია, რომელიც არ ვიცით, ტექნიკურად როგორ იქნება მოწყობილი. ეს სიახლე 1-ელი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. ალბათ, მანამდე ამ ტექნიკური საკითხების დალაგება მიმდინარეობს. მოკლედ, არსებობს კითხვები, რომლებზეც იმედია, პასუხი იქნება,“ – აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი.

როგორც „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, მთელ ამ პროცესში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის საკითხიც, თუ რამდენს ხარჯავს მუნიციპალიტეტი თითოეული მგზავრის გადაყვანაზე. ბაბუნაშვილის თქმით, ეს თანხა 2 ლარს და 70 თეთრს შეადგენს.

„სწორედ დღეს გამოვითხოვე სატრანსპორტო სააგენტოდან ინფორმაცია, თუ რამდენია მუნიციპალური ტრანსპორტით 1 მგზავრის გადაყვანის თვითღირებულება. ამ ხარჯში გათვალისწინებულია საწვავი, ელექტროენერგია და პერსონალის ანაზღაურება. 1 მგზავრობა ქალაქს 2 ლარი და 70 თეთრი უჯდება. დანარჩენი სუბსიდირებულია. ადრე ხარჯი ნაკლები იყო, რადგან ახლა ელექტროენერგიისა და საწვავის ფასი გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მგზავრობის ტარიფი მაინც 50 თეთრი დარჩა. ინფლაციის და ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირების გამო, გაიზარდა, მაგალითად, მეტროს მემანქანეების და სხვა თანამშრომლების ხელფასი. გამოდის, რომ მუნიციპალიტეტს ხარჯები ეზრდება. გარდა ამისა, ეს 2 ლარი და 70 თეთრი მხოლოდ ოპერირების ხარჯია და არ მოიცავს ახალი ავტობუსების ჩამოყვანას, მეტროს ახალი ვაგონების შეძენას, გაჩერებების მოწყობას და ა.შ.

ყველას გვინდა, ფასი მინიმალური იყოს, თუმცა მერიას უწევს, რეალობას თვალი გაუსწოროს,“ – აღნიშნავს სპეციალისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები