ირაკლი ხმალაძე – სატრანსპორტო აბონემენტებზე: მგზავრებს შეუძლიათ, 7 განსხვავებული პაკეტიდან მათთვის სასურველი შეისყიდონ

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, 7 განსხვავებული პაკეტიდან მათთვის სასურველი შეისყიდონ.

„1-ელი თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი, ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ახალი პაკეტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი მომხმარებლებს სთავაზობს, 5 იანვრიდან გაიყიდება. მოქალაქეს შეუძლია, გააკეთოს არჩევანი 7 განსხვავებული პაკეტიდან და მისთვის სასურველი ვადიანი და ფასიანი სერვისი შეიძინოს. მნიშვნელოვანია, რომ გადახდის ახალ სისტემაში, დღევანდელი მოდელისგან განსხვავებით, ინტეგრირდება მიკროავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკროავტობუსში და მიკროავტობუსიდან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა მოხდება სრულიად უფასოდ. მნიშვნელოვანია ასევე შეღავათიანი და უფასო მგზავრობები, რომლებიც გავრცელდება მომხმარებლების არაერთ კატეგორიაზე, როგორიცაა სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, სოციალურად დაუცველები და სხვა მრავალი, რომლებიც ზოგ შემთხვევაში – უფასო, ზოგ შემთხვევაში კი – მნიშვნელოვნად შეთავათიანი ტარიფით ისარგებლებენ“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, არაერთი რეფორმა განხორციელდა – გადახდის სააბონემენტო სისტემის შემოღებაზე მუნიციპალიტეტი ბოლო ორი წელია აქტიურად ლაპარაკობს, რაზეც მუშაობა დასრულებულია და პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები