ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დამატებით, 99 ოჯახი დაკმაყოფილდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა.

როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაახლოებით, 3 000 დაზარალებული ოჯახის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

„მინდა, შევეხო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემას. იცით, რომ სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში, ეს ადამიანები საკუთარი ფართების მიღებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გადაწყვეტილებების მიღება, რომ ოჯახები, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული არიან, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ. არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობაა დაწყებული და ადამიანების გარკვეული რაოდენობა საცხოვრებელ ბინებს ელოდება. არიან კონკრეტული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურებს გადიან და მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დამატებით, 99 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ჩვენ უკვე გვყავს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიები. შპს „გრანდ თაუერს“ პირდაპირი განკარგვის ფორმით, გადაეცა პეტრიწის ქუჩის ბოლოში არსებული 2 010 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც 27 პირი დაკმაყოფილდება; შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ გადაეცა დიდ დიღომში არსებული 4 057 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში, ფართებით დაკმაყოფილდება 24 პირი. ასევე, შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ გადაეცა გმირ კურსანტთა III შესახვევის N4 მიმდებარედ არსებული 1 968 კვ.მ მიწის ფართობი, სადაც დაკმაყოფილდება 12 პირი; შპს „ნიკე გრუპს“ დიდი დიღმის II მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ,  გადაეცა 3 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში, დაკმაყოფილდება 36 პირი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ფართებით 99 ოჯახი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შეძლებენ, საკუთარი საცხოვრებელი ფართები მიიღონ. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამას და გვინდა, 3 000 მომლოდინე ოჯახს, რომლებსაც ეს პრობლემა ათეული წლებია ტვირთად აწევთ, საცხოვრებელი ფართების მიღებაში დავეხმაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები