თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო სისტემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი გადახდის სააბონემენტო სისტემა 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.
„რა თქმა უნდა, განახლებულ სატრანსპორტო სისტემას სჭირდება გადახდის სისტემის განახლება და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ტრანსპორტს უფრო კომფორტულს და იაფს გახდის. დღეს მინდა, ეს სიახლე მივაწოდო საზოგადოებას – შემოგვაქვს სააბონემენტო ულიმიტო გადახდის სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა, თუმცა აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება მეტროს სალაროებში და ასევე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში.
გვექნება ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება 1 ლარი. იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, 1 ლარად შეეძლებათ მეტროთი, მიკროავტობუსით და ავტობუსით სარგებლობა. გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდიან.
ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო 1-დღიანი ბარათი, რომელიც ეღირება 3 ლარი. მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეუზღუდავად იმგზავროს მხოლოდ 3 ლარად.
ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი, რომელიც ეღირება 20 ლარი. ეს ბარათი, ძირითადად, გათვლილია ტურისტებზე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის სხვა ბარათები უფრო საინტერესოა, რადგან უფრო შეღვათიან ფასში უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირებას.
ულიმიტო 1-თვიანი ბარათი ეღირება 40 ლარი. ჩვენი გათვლით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება. ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ხშირად მოიხმარს, ეს ბარათი მათ 10-დან 20-ლარამდე ეკონომიის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.
ასევე, გვაქვს ულიმიტო 3-თვიანი ბარათი, რომელიც 100 ლარი ეღირება.
ულიმიტო 6-თვიანი ბარათი ეღირება 150 ლარი.
ულიმიტო 1-წლიანი ბარათი ეღირება 250 ლარი,“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა.