კახა ლაბუჩიძემ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის კონკურსის’’ გამარჯვებულს, ანზორ სიფვრაშვილს პრიზი გადასცა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ მწერალთა სახლში რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულს, ანზორ სიფვრაშვილს მოთხრობისთვის „ქვევრი’’ პრიზი გადასცა.
კახა ლაბუჩიძის თქმით, საქართველოში რეზო ინანიშვილის სახელი იმდენად დიდია, რომ მისი სახელობის პრემია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო იქნება როგორც დებიუტანტი, ისე ცნობილი მწერლისთვისაც.
„ჩემი ცნობიერება, ჩემი მახსოვრობა ყველა იმ თბილ სიტყვას და ამბავს ატარებს, რაზეც დიდი მწერალი, რეზო ინანიშვილი წერდა“ – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსში გამარჯვებულებს პრემია ყოველწლიურად 20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს, გადაეცემათ.
მწერალს წელს 95 წელი შეუსრულდებოდა.
კონკურსი, რომლის დამაარსებელი პოეტი და ჟურნალისტი თამარ შაიშმელაშვილია, 2010 წლიდან ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ არსებობს.
კონკურსი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანადგომით ტარდება.