თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ზაჰესში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, ზაჰესის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.
ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ერთი თვის წინ მოკვლევა დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.