რევაზ სოხაძის ინიციატივით, სამგორში მცხოვრები 100-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს
თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივითა და კომპანია „პრემიერ ჯგუფის“ მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდ „ზიარის“ მხარდაჭერით, სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 100-ზე მეტი ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს. რევაზ სოხაძემ საკვები პროდუქტი დღეს რამდენიმე ოჯახს საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესა და ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მიუტანა.
სამგორის რაიონის მაჟორიტარმა მოსახლეობას ბარბარობა და დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და განაცხადა, რომ იმ ოჯახების თანადგომა, რომელიც ამას საჭიროებს, ძალიან მნიშვნელოვანია. რევაზ სოხაძემ საქველმოქმედო ფონდი „ზიარის“ წარმომადგენლებს გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივას მომავალში სხვა კომპანიებიც გაიზიარებენ.
„დღეს დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კერძო ინიციატივის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, სამგორში მცხოვრები ასზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს. მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ზიარის“ წარმომადგენლებს, რადგან ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით. პროდუქტების დარიგება დღეს დავიწყეთ და უახლოეს დღეებში სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები საახალწლო ნობათს მიიღებენ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახების თანადგომა, რომელიც ამას საჭიროებს და იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნულ სოციალურ ინიციატივაში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან”, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
კომპანია „პრემიერ ჯგუფის“ და ფონდი „ზიარის“ ხელმძღვანლის, ლევან გაგუშვილის განცხადებით, კომპანია პანდემიის დაწყებიდან დღემდე იჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას და აქტიურად არის ჩართული მსგავსი საქველმოქმედო ინიციატივების განხორციელებაში. მისივე თქმით, კომპანია, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავს ღონისძიებებში მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.
„გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ“, – განაცხადა ლევან გაგუშვილმა.