დედაქალაქის მერია ყველა უსახლკარო თბილისელ ოჯახს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია ყველა უსახლკარო თბილისელ ოჯახს დაეხმარება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. მისივე თქმით, დედაქალაქში 400-მდე ასეთი ოჯახია.

„ყველა ის ოჯახი, ვისაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა აქვს და ვინც უსახლკაროს სტატუსს ატარებს, საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. დედაქალაქში, დაახლოებით, 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელებას 2022 წელს ვიწყებთ. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და მათი პრობლემა გადაჭრილი იქნება, მაგრამ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს. მიეცით ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავადვე მოახდინონ დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებარე ნაგებობების დემონტაჟი განახორციელეთ. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან პრინციპული ვიქნებით ასეთი უკანონობის წინაშე. ჩვენ ისიც ვნახეთ, თუ ვინ დგას ასეთი კრიმინალური საქმიანობის უკან – კონკრეტული ადამიანები, რომელთაც ორი-სამი საცხოვრებელი ბინა აქვთ, რეგიონებში კი ჰექტრობით მიწები. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით, უკანონო მშენებლობა განახორციელონ და მიწები დაიტაცონ. ამდენად, იმოქმედეთ, შესაბამისმა სამსახურებმა. თუ საჭირო იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროც ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები