რამდენი იქნება და რაში დაიხარჯება თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაზუსტებული ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ჯამი მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქედან მილიარდ 305 მლნ ლარი საბიუჯეტო, ხოლო 240 მლნ ლარი დონორების სესხების ნაწილია.

„რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოში გადავაგზავნეთ უკვე დაზუსტებული ბიუჯეტი. დარწმუნებული ვარ, ამ ბიუჯეტს საკრებულოს წევრების მხრიდან მხარდაჭერა ექნება, რადგანაც მნიშვნელოვანია, დედაქალაქს ჰქონდეს შესაძლებლობა, ის პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, განხორციელდეს. 2022 წლის ბიუჯეტი დაზუსტებული სახით, ჯამში, მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან მილიარდ 305 მლნ ლარი არის საბიუჯეტო, ხოლო 240 მლნ ლარი დონორების სესხების ნაწილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში დაგეგმილია, რომ დედაქალაქის მთლიანი ბიუჯეტი  მილიარდ 700 მლნ ლარზე ავიდეს.

„მინდა, ასევე შეგახსენოთ, წლების განმავლობაში როგორ იზრდებოდა თბილისის ბიუჯეტი. როდესაც დედაქალაქის მოსახლეობამ ჯერ კიდევ პირველი ვადით აგვირჩია, ჩვენ მათ დავპირდით, რომ ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებდა. 2017 წელს ბიუჯეტმა, დაახლოებით, 825 მლნ ლარი შეადგინა. ჩვენ ეტაპობრივად შევძელით ბიუჯეტის გაზრდა და 2021 წელს უკვე მილიარდ 250 მილიონზე გავიდა საბიუჯეტო ნაწილი. რაც უფრო დიდია ბიუჯეტი, უფრო მეტია შესაძლებლობები იმისა, რომ ძალიან კარგი პროექტები განვახორციელოთ. მომავალი წლის ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები შევასრულოთ – ჩვენი ქალაქი იყოს უფრო გამწვანებული, ინფრასტრუქტურულად უფრო მოწესრიგებული, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი, დაახლოებით, 50 მილიონი ლარით გაიზრდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსების შემოყვანა მოხდება, რითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა სრულად მოგვარდება.

„მომავალი წლიდან ვიწყებთ მნიშვნელოვანი და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მათ შორის, დაგეგმილი გვაქვს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, უსახლკაროების ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა, ახალი პარკების გაშენება და არსებულების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა  და ა.შ. 2022 წელს ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას. ეს არის 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი. შემდეგ უკვე ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას, თუმცა, ამ ეტაპზე, რვამეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. მიმდინარე წლის ბოლომდე, ქალაქში ლურჯი მიკროავტობუსები შემოვა და მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები