ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო უწყება “საქართველოსთან მომუშავე” არასამთავრობო ორგანიზაციებს გააკონტროლებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. რესპუბლიკაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობის წესებს ახსენებს, რომლებიც 2019 წლის 4 მაისს მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ არის დამტკიცებული.

კერძოდ, საუბარია ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე, მათი პროექტების შესრულებაზე, თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციაზე, დაფინანსების წყაროებსა და ხარჯზე. ხაზგასმულია, რომ ამ ყველაფერს ე.წ. საგარეო უწყება გააკონტროლებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “საქართველოს ხელმძღვანელებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მომზადებას”.

ე.წ.უწყება, რომლის ხელმძღვანელად გასულ თვეს პუტინის მრჩევლის მოადგილე დაინიშნა, ახსენებს ე.წ რესპუბლიკაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ “როდესაც უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან მართავენ შეხვედრებს, დისკუსიებს, მრგვალ მაგიდებსა და სემინარებს; ავრცელებენ საინფორმაციო მასალებს, აგრეთვე, საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამზადებენ შეხვედრებს, საჭიროა ნებისმიერი პროექტის წინასწარი შეთანხმება აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

გარდა ამისა, უცხოურმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა წარუდგინონ ანგარიშები პროგრამების (პროექტების) განხორციელების შესახებ, თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე, დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ დაფინანსებისა და ამ თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები