მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
თბილისის საკრებულოში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.
საკრებულოში სულ 11 კომისიაა, რომლებსაც უხელმძღვანელებენ:
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია – ლევან ჟორჟოლიანი;
ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისია – ირაკლი ხელაძე;
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია – ზურაბ ჩიკვილაძე;
განათლებისა და კულტურის კომისია – კახა ლაბუჩიძე;
გარემოს დაცვის კომისია – ნიკოლოზ კახეთელიძე;
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია – ლევან არველაძე;
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია – ნინო ვარდოსანიძე;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია – გიორგი ჩაკვეტაძე;
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია – რევაზ სოხაძე;
სარევიზიო კომისია – ლევან ჯაფარიძე;
სატრანსპორტო საკითხთა კომისია – შალვა ოგბაიძე.
ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქციები დაარეგისტრირეს და თავმჯდომარეები აირჩიეს. თბილისის საკრებულოში 3 ფრაქცია დაკომპლექტდა. ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, რომლის შემადგენლობაში 29 წევრი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარედ ოთარ გრიგოლია აირჩიეს.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობას” ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 13 წევრისგან შედგება.
ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და მას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე უხელმძღვანელებს.
ასევე, რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისა და საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაამტკიცეს. ახლადარჩეულმა საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს კომისიების შემადგენლობა ცნობად მიიღო.