თბილისში, ხეთაგუროვის N2-ში რემონტის დროს ერთ-ერთი სართულის ჭერის გარკვეული ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშოების დასრულების შემდეგ ამ შენობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა გადავიდეს. სარემონტო სამუშაოებს სწორედ ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია – „გრავიტა“ ახორციელებს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, ინციდენტი შენობის სიძველის გამო მოხდა.
„სარემონტო სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. როგორც კომპანიის წარმომადგენლებისგან ჩვენთვის ცნობილია, სიძველის გამო ჩამოიშალა ერთ-ერთი სართულის ჭერის გარკვეული ნაწილი. აღნიშნულის შედეგად, არ დაზიანებულა არცერთი იქ მყოფი პირი.
ცხადია, სარემონტო სამუშაოების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოება, რაზეც პასუხისმგებელია ტენდერში გამარჯვებული კომპანია და მისი უსაფრთხოების მენეჯერი,“ – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები 2020 წლის მაისიდან მიმდინარეობს. შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი არ აქვს.