თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იტალიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. იტალიელ დიპლომატთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის გაუმჯობესებაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) საქართველოს სამხედრო პოლიციასა და იტალიის კარაბინიერების კორპუსს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, იტალიელი კარაბინიერების ხელმძღვანელობით, ნოემბერში საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულმა სპეციალიზირებული სწავლება გაიარა. აღნიშნული ტრენინგი სამხედრო პოლიციის ოცეულს ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში გაწევრიანებაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. პროექტი ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის მიერ ხორციელდება და სრულად ფინანსდება იტალიური მხარის მიერ. პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება საქართველოს სამხედრო პოლიციის საწვრთნელი შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია სამხედრო პოლიციის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე, ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა იტალიის ჩართულობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობაში და ხაზი გაუსვა იტალიის რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულ, იტალიის ელჩმა სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული კურსის წარმატებით ჩატარებისთვის სერტიფიკატი გადასცა სამხედრო პოლიციის ხელმძღვანლის მოადგილეს, პოლკოვნიკ კობა ლაჭყეპიანს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.