გიორგი შენგელი – ქართველი „პოეზიის რაინდი“ რუსეთში
პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურის თეორეტიკოსი გიორგი შენგელი დაიბადა 1894 წლის 2 მაისს ქ. ტემრიუკში (ყუბანის ოლქი). მამა -არკადი ალექსანდრეს ძე შენგელი (1853—1902), ადვოკატი იყო. დედა გახლდათ ანნა ანდრეის ასული დიბსკაია (1862—1900).
1898 წელს ოჯახი საცხოვრებლად ომსკში გადავიდა. ყმაწვილი ადრე დაობლდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ გიორგი და მისი და თავისთან წაიყვანა ბებიამ დედის მხრიდან – მარია ნიკოლოზის ასულმა დიბსკაიამ (1840—1914). ცხოვრობდნენ ქერჩში.
გიორგი შენგელი სწავლობდა ქერჩის ალექსანდრეს სახელობის გიმნაზიაში. მესამე კლასიდან რეპეტიტორობის მეშვეობით გამოიმუშავებდა მცირე თანხას ყოველდღიური საჭიროებისთვის. 1909 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთებში: «Керчь-Феодосийский курьер», «Керченское слово» და სხვა. წერდა ქრონიკას, ფელეტონებს, სტატიებს ავიაციაზე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, რომ 1912 წლიდან გიორგი შენგელი დაინტერესდა პოეზიით და ლექსების წერაც დაიწყო. ფრანგული ენის მასწავლებლის, ს. კრასნიკის მეშვეობით გაეცნო ფრანგულ პოეზიასაც. თავისი პირველი ლექსები (ანონიმურად ან ფსევდონიმით) 1913 წლის ბოლოს გამოაქვეყნა გაზეთში.
1914 წლის იანვარში „ფუტურიზმის ოლიმპიადაზე“ ქერჩში ჩავიდნენ ი. სევერიანინი, დ. ბურლიუკი, ვ. ბაიანი და ვ. მაიაკოვსკი. ფუტურისტთა შეკრებას დაესწრო გ. შენგელიც, რომელიც ჯერ კიდევ გიმნაზიის მერვე კლასში სწავლობდა. მისი ლექსების მოსმენის შემდეგ ერთ-ერთ მონაწილეს, კერძოდ, სევერიანინს შეუქია ის: „თქვენ სწორად კითხულობთ, მხოლოდ საჭიროა, მეტი იმღეროთ…“
გიორგი შენგელზე ძლიერი გავლენა მოუხდენია ვალერი ბრიუსოვის სიმბოლისტურ პოემას. თავის მოგონებებში იგი იხსენებს: „მე მოვიხიბლე ამ პოემისაგან… ის აბსოლუტურად დაემთხვა ჩემს ბავშვურ გატაცებას…“
1914 წელს გამოვიდა გიორგი შენგელის ლექსების პირველი წიგნი „ვარდები სასაფლაოდან“, რომელსაც ეტყობა სევერიანინის ძლიერი გავლენა. ამავე წელს შედგა მისი პირველი საჯარო ლექციაც „სიმბოლიზმი და ფუტურიზმი“.
1914 წლის ზაფხულში გიორგი შენგელი ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. რამდენიმე თვე ცხოვრობდა მოსკოვში, გვიან შემოდგომაზე კი გადავიდა ხარკოვის უნივერსიტეტში. აქ ქიმიას ასწავლიდა მისი ბიძა, პროფესორი ვლადიმერ დიბსკი, რომლის ქალიშვილი, იულია გახდა გ. შენგელის პირველი ცოლი.
1916 წელს გამოიცა გ. შენგელის ლექსების კრებული სახელწოდებით „გონგი“, რომელიც მოექცა ვ. ბრიუსოვის ყურადღების არეში. მოსკოვში მასთან ვიზიტით მყოფ ავტორს მან ასე მიმართა: „თქვენ ნიჭიერი ხართ…მაგრამ თქვენი „გონგი“ ჯერ კიდევ არ არის წიგნი. მასში ძალიან ბევრია უცხო ხმები, ლექსი საინტერესოა, ხმიანობს, მაგრამ ყოველივე ეს ბენგალური ცეცხლია… თქვენ ჩქარობთ, განცდებს თქვენ ცვლით ფანტაზიით“.
მომდევნო წლებში გ. შენგელი ეცნობა მ. ვოლოშინს, რომელთანაც მან მიიღო თარგმნის ხელოვნების გაკვეთილები.
1916-1917 წლებში გ. შენგელმა ი. სევერიანინის მიპატიჟებით მთელი რუსეთი მოიარა პოეზიის ტურნეთი, რომელიც მხოლოდ თებერვლის რევოლუციის გამო შეწყდა. რევოლუციის ქარიშხალმა გ. შენგელიც აიტაცა. ჯერ თეთრებთან მოხვდა, შემდეგ წითლებთან. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში. აქ მიღებული შთაბეჭდილებები მკაფიოდ აისახა მის შემდგომ ლექსებში.
1918 წელს პოეტმა უნივერსიტეტი დაამთავრა. ამავე წელს გამოვიდა მისი ლექსების ახალი კრებული – „ნიჟარა“. ასევე, იბეჭდებოდა ხარკოვში გამომავალ ჟურნალში «Колосья».
1919 წლის გაზაფხულზე გ. შენგელი მიავლინეს ყირიმში, სადაც დაინიშნა „ხელოვნების კომისრად“ სევასტოპოლში. ზაფხულში, ყირიმის ევაკუაციის შემდეგ, მიმალვაში იმყოფებოდა. სევასტოპოლის პარტორგანიზაციის მიერ გაცემული ყალბი პასპორტით გადავიდა ქერჩში, შემოდგომაზე კი – ოდესაში, სადაც კარგა ხანს დარჩა (1919- 1920 წწ.).
ოდესაში გ. შენგელი დაუკავშირდა ადგილობრივ ლიტერატურულ წრეებს და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას შეუდგა. წელიწადნახევრის მანძილზე მან გამოსცა კრებულები: «Изразец»; «Еврейские поэмы»; დრამატული პოემა „ნეჩაევი“; თანამშრომლობდა გაზეთთან „მეზღვაური“, მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში და სხვა; გამომცემლობა “ომფალოსში“ გამოვიდა მისი პოეტური თარგმანების პირველი კრებული – ფრანგი პოეტის ჟოზე მარია დე ერედიას ორმოცი სონეტი, რომელიც მან მაქსიმილიან ვოლოშინს მიუძღვნა. ოდესაში პოეტი ინტერვენტებისა და თეთრების წასვლემდე დარჩა.
1921 წლის შემოდგომაზე გ. შენგელი ხარკოვში დაბრუნდა, 1922 წლის მარტის ბოლდან კი, ის უკვე მოსკოვში დაფუძნდა. აქ მან გაიცნო პოეტესა ნინა მანუხინა, რომელიც ორი წლის შემდეგ მისი მეუღლე გახდა.
გიორგი შენგელმა თვალსაჩინო ადგილი დაიკავა მოსკოვის ლიტერატურულ წრეებში. „ტრაქტატით რუსული ლექსის შესახებ“ (1921, 2 გამოც. – 1923) მან დაიმსახურა მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრობა. ვ. ბრიუსოვმა ის მიიწვია ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც წაიკითხა ლექციების კურსი ლექსის ენციკლოპედიის შესახებ.
მალე გ. შენგელი აირჩიეს სრულიად რუსეთის პოეტების კავშირის თავმჯდომარედ (1925—1927 წწ.). იგი ყველას მოსწონდა მრავალმხრივი ცოდნისა და ობიექტურობის გამო. თანამედროვენი მას იგონებენ, როგორც პატიოსან და უკომპრომისო პიროვნებას. რუსი მწერალი იური ოლეშა მის შესახებ წერდა: „ის მარად დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც სიტყვის ოსტატი, როგორც პოეზიის რაინდი, როგორც ლამაზი და კეთილშობილი ადამიანი“.
გიორგი შენგელის თარგმანების მეშვეობით, რუსი მკითხველის არაერთი თაობა გაეცნო ევროპულ პოეზიას: როლანი, ვერჰარნი, ვოლტერი, ჰიუგო, ბაირონი, ვერლენის ბევრი ნაწარმოები, მოპასანის ქმნილებანი და სხვა.
1933 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გ. შენგელი რედაქტორად მუშაობდა სახელმწიფო ლიტერატურულ გამომცემლობაში (Гослитиздат). ამ წლებში ის, ძირითადად, აქვეყნებდა თარგმანებს და ნაშრომებს რუსული ლექსთწყობის საკითხებზე. 1939 წელს გამოვიდა მისი სიცოცხლისდროინდელი ბოლო კრებული „რჩეული ლექსები“, რომლის გამოცემასაც დიდი რეზონანსი და აღიარება მოჰყვა.
გიორგი შენგელი გარდაიცვალა 1956 წლის 15 ნოემბერს, მოსკოვში. დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაოზე.