მთაწმინდის რაიონში, ჟვანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყობა
მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნ. ჟვანიას ქუჩაზე, N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 200 კვ. მ ფართობზე სკვერს მოაწყობს.
ტერიტორიას დღეს მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე – ლევან ბაჩიაშვილი და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი – ზურაბ აბაშიძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გაეცნენ და პროექტის დეტალები განიხილეს.
„მთაწმინდის რაიონში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში მეტი რეკრეაციული და ბავშვთა გასართობი ზონების არსებობა. აღნიშნული ტერიტორია სრულად მოუწესრიგებელი და აუთვისებელია, რაც დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მაცხოვრებლებს“, – განაცხადა ლევან ბაჩიაშვილმა.
საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე ფერდობი წლების განმავლობაში მოუწესრიგებელია. პროექტის შედეგად კი, სამდონიანი სკვერი მოეწყობა. ტერიტორიაზეა საბავშვო ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება LED სანათები და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბერში დაიწყება და გაზაფხულზე დასრულდება.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 630 000 ლარი არის გათვალისწინებული.